გაზის მიწოდება 34 საათით შეწყდება - ნახეთ მისამართები და დეტალური ინფორმაცია
1793904081
გარემოში რადიოლოგიური მონიტორინგის მიზნით, შესაბამისი ლაბორატორიის შექმნის საჭიროებისა და მიზანშეწონილობის შესაფასებლად ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს გერმანელი ექსპერტი პატრიკ ვოიდი ეწვია.
ვიზიტის დროს გერმანელმა ექსპერტმა და სააგენტოს წარმომადგენლებმა მოინახულეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში არსებული უწყებებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების ლაბორატორიები. მათ ადგილზე შეისწავლეს გარემოს ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, ღვინის ლაბორატორიის, ასევე საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნიკური შესაძლებლობები, არსებული ინფრასტრუქტურა და კვლევითი მიმართულებები.
ექსპერტული მისია განხორციელდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა (IAEA) და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ეროვნული პროექტის („რადიაციული უსაფრთხოების ეროვნული მარეგულირებელი ინფრასტრუქტურის გაძლიერება“) ფარგლებში. აღნიშნული აქტივობა მიმდინარე წელს, IAEA-ს გენერალური კონფერენციის დროს, ქართულ მხარესთან კოორდინაციით დაიგეგმა.
ვიზიტის შედეგად მიღებული შეფასებები ხელს შეუწყობს გარემოში მაიონებელი გამოსხივების კვლევის მიმართულებით არსებული საჭიროებების განსაზღვრას, ლაბორატორიული შესაძლებლობების განვითარების დაგეგმვასა და საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას.
მომზადებული დასკვნა წარედგინება IAEA-ს, რის საფუძველზეც განისაზღვრება შემდგომი ნაბიჯები და დაიგეგმება შესაბამისი ღონისძიებები.