„ბევრი ამბობდა, რა უნდოდა ორსულს მიტინგზე“ - 9 აპრილის ამბების მონაწილე თამარ კვარაცხელია

თამრიკო კვარაცხელია

წალენჯიხელი თამარ კვარაცხელია ცხრა აპრილის მოვლენების უშუალო მონაწილეა.

„რა უნდაო ორსულ ქალს მიტინგზე“,- ხშირად ახსენდება ეს სიტყვები. იგი ოჯახის წევრებთან ერთად მაშინ ჩატარებულ ყველა მიტინგს ესწრებოდა წალენჯიხასა თუ თბილისში.

7 აპრილს ორსული თბილისიდან წალენჯიხაში წავიდა, ცხრაში კი საშინელი ტრაგედია დატრიალდა.

„დღეს 9 აპრილია — ერთი დღე ორი დიდი ისტორიული მოვლენით: 9 აპრილს პატივს მივაგებთ სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და ამავე დროს, ვზეიმობთ საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიული აქტის მიღებას

9 აპრილი საქართველოს ისტორიაში დარჩება, როგორც სიმამაცის, თავისუფლების, ქართული სულის გამოღვიძებისა და თავგანწირვის სიმბოლო. ეს იყო ტრაგედიაც და გამარჯვებაც, რადგან ყველამ დაინახა, რომ „ჩვენ შეიძლება ბრძოლაში მოვკვდეთ, მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს“.

დიახ! ეროვნული სულისკვეთება, საქართველოს თავისუფლებისათვის ცერებზე შედგომა არ ეპატია იმ ხალხს, ვინც ეროვნულ-განმანათავისუფლებელი მოძრაობის წლებში ერთი ლოზუნგის ქვეშ გაერთიანდა; „ენა, მამული, სარწმუნოება!’’

ჩვენ მათ 9 აპრილის გმირებს ვუწოდებთ! ქართველ კაცს უთქვამს; ვინც მოკვდა თავის თავს მოუკვდა, ვინც არა გახარებასაო’’, 9 აპრილის გმირები მთელს ერს დააკლდნენ, ამიტომაც ინახავს მოწიწებით გულში ქართველი ხალხი მათ ნათელ ხსოვნას და ამბობს ხმამაღლა, „არ არის მკვდარი ვინც მოკვდა და ხალხს შეწირა დღენია, მკვდრად იგი თქმულა, ვისაც აქ სახელი არ დარჩენია...’’

ჩვენ მოვალენი ვართ გავიხსენოთ ისინი, ვინც საკუთარი სიცოცხლე ზვარაკად შესწირა საქართველოს თავისუფლებისათვის ბრძოლას, გავიხსენოთ 9 აპრილის სისხლიანი დილა და სანთლები დავუნთოთ სამშობლოსათვის თავგანწირულთ, ეს ჭრილობა მუდამ ღია და მოუშუშებელი იქნება საქართველოს ისტორიაში.

„გაოგნებული, ნაგვემი ვდგავარ ქაშვეთის თაღთან

აღარ მიყვარხარ აპრილო, სისხლიანი გაქვს კალთა...’’

მე ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი სტუდენტობის პერიოდი დაემთხვა ეროვნულ განმანათავისუფლებელი მოძრაობის წლებს და თბილისში ლექციებზე წასული საუკეთესო ლექციებს აუდიტორიაში კი არა ქუჩაში ვისმენდი, ქუჩაში, სადაც ერი და ბერი ერთ მუშტად იყო შეკრული და სადაც ლექციებს მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია შეუდარებლად კითხულობდნენ...

მთელი სტუდენტობა რუსთაველზე მოშიმშილეებთან ვიდექით და მათთან ერთად ვათენ-ვაღამებდით, რამდენიმე თვეში ჩემი პირველი შვილი უნდა მოვლენოდა ქვეყნიერებას, ბევრი იქიდნურად ამბობდა; ‘’რა უნდაო ორსულ ქალს მიტინგზე!’’.. მიუხედავად ამისა, არ ჩატარებულა მიტინგი თბილისსა თუ წალენჯიხაში, რომელსაც არ დავსწრებივარ ოჯახთან ერთად...

7 აპრილს ჩამოვედი თბილისიდან, 9-ში კი საშინელი ტრაგედია დატრიალდა...

წლები გავიდა და ზვიად გამსახურდია ისეთებმაც აღიარეს, ვინც მაშინ გვაქილიკებდა, როგორც ჩანს, ბ-ნ ზვიადის მიერ წლების წინ, ‘’ბნელში მსხდომთათვის დანთებულმა კვარმა’’ ბოლოს და ბოლოს შედეგი გამოიღო და აგიზგიზდა...

დიახ! ბატონო ზვიად, ჩვენ, თქვენს მხარდამჭერებს მუდამ გვახსოვს თქვენი შეგონება; ‘’ტყვიებს გვესვრიან, ჩვენ ყვავილები ვესროლოთ!..’’

მუდამ მახსოვს და ალბათ ყველას გვახსოვს ის ბედნიერ დღე, როდესაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა პარლამენტის ტრიბუნიდან ბრძანა; ‘’სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება 9 აპრილს, რამეთუ ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი, წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა-‘’გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“ გვფარავდეს ღმერთი!

დაე, აღსრულდეს ნება ქართველი ერისა და ღმერთმა ქნას, ყველას ერთად გვეცხოვროს ერთიან, ძლიერ და თავისუფალ საქართველოში, ისეთ საქართველოში, რომელზეც ბატონი ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ოცნებობდნენ.",-ამბობს თამარ კვარაცხელია.

თამარ კვარაცხელია ზვიად გამსახურდიას უშუალოდ იცნობდა. ფოტო, რომელსაც იგი მცირეწლოვან შვილთან ერთად აქვეყნებს, ისტორიის ნაწილია.

"გვიანი ღამეა, უშუქობა, სიბნელე, წყვდიდი... ჩემი გოგონა, სალომე რამოდენიმე თვისაა, მე ზვიად გამსახურდიას ხელმოწერილ პროკლამაციებს ვბეჭდავ, რათა დილის 6 საათისთვის მოვასწრო და მისმა ერთ-ერთმა ერთგულმა ჯარისკაცმა წაიღოს გასავრცელებლად...

წლების მერე კი ამ ფოტოს ლონგორ შანავას ოჯახში სტუმრობისას ნახავს ბატონი ზვიადი, დიდხანს უყურებს სურათს და იტყვის: ''ასეთი დედები გადაარჩენენ საქართველოს!..''

მე ეს დღე და ეს სიტყვები სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე მემახსოვრება ჩემო პრეზიდენტო!",- იხსენებს თამარი.

ავტორი: თეა შონია