1765480415
„ბავშვი პირველ კლასში არ ვითარდება წრეებით, ის ვითარდება სტაბილური გარემოთი, თამაშით…“ – ინკლუზიური განათლების სპეციალისტი მშობლებს მიმართავს
ინკლუზიური განათლების სპეციალისტი, თინათინ გობაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „დღის ბოლოს ბავშვის ნერვული სისტემა დაღლილია და როცა ამას ემატება 2–3 წრე, ბავშვი გადადის ემოციურ გადახურებაში“.
მისი თქმით, მშობელთა ნაწილის მოსაზრება, რომ „სხვადასხვა წრეებზე ვატარებ ჩემ შვილს, არ მინდა დრო ფუჭად გაფლანგოს“- მცდარია.
სპეციალისტის თქმით, სწავლაზე ფოკუსი ქვეითდება, ინფორმაცია უფრო რთულად მუშავდება, გონება სწრაფად იღლება, ჩნდება სწავლისადმი ნეგატიური დამოკიდებულება:
„პირველკლასელისთვის სკოლა უკვე დიდი ემოციური დატვირთვაა: ახალი გარემო, მასწავლებელი, წესები, სოციალური ნორმები, მუდმივი კონცენტრაცია 3-4 საათის განმავლობაში.
დღის ბოლოს ბავშვის ნერვული სისტემა სრულიად დაღლილია და როცა ამას ემატება 2–3 წრე, ბავშვი გადადის ემოციურ გადახურებაში.
მერე ამას მოჰყვება:
გაღიზიანება, ხშირი ჭირვეულობა, ტირილი, მოულოდნელი აფეთქებები, უყურადღებობა, საჭიროებებზე გადაჭარბებული რეაქცია. როცა ბავშვს არ რჩება თავისუფალი დრო თამაშისთვის და დიდი დატვირთვა აქვს,
ამ დროს:სწავლაზე ფოკუსი ქვეითდება, ინფორმაცია უფრო რთულად მუშავდება, გონება სწრაფად იღლება, ჩნდება სწავლისადმი ნეგატიური დამოკიდებულება.
პირველკლასელ ბავშვს სჭირდება: ✔︎ სახლში მშვიდი გარემო, ✔︎ თავისუფალი თამაშის დრო, ✔︎ დედასთან/მამასთან ხარისხიანი დრო, ✔︎ დაცულობის განცდა. საკუთარი თავისადმი წაყენებული ბევრი მოთხოვნები, ბავშვში იწვევს დაძაბულობასა და სტრესს.
ბავშვი ცდილობს ყველა წრეში კარგი შედეგები აჩვენოს, იყოს „კარგი ბავშვი“ ეს ზრდის შეცდომის დაშვების შიშს.
ამან შეიძლება გამოიწვიოს: პერფექციონიზმი, შეცდომის დაშვებაზე მაღალი შიში, თვითშეფასების დაქვეითება, სხვის შეფასებაზე გადაჭარბებული დამოკიდებულება. გადატვირთული გრაფიკის მქონე პირველკლასელებს აღენიშნებათ:
დაძინების სირთულე, ღამის გაღვიძებები, დილის დაღლილობა, რადგან ნერვული სისტემა ვერ ასწრებს დამშვიდებას. ხდება იდენტობის ფორმირების შეფერხება. ბავშვს სჭირდება დრო, რომ გაიგოს: რა
მოსწონს, რა არ მოსწონს, რაზე სურს ფოკუსი.
რა არის რეკომენდებული დატვირთვა პირველკლასელისთვის?მაქსიმუმ 1-2 წრე და ისიც კვირაში 2–3-ჯერ შესაფერისი დროით, ბავშვის ენერგიის გათვალისწინებით.ბავშვი პირველ კლასში არ ვითარდება წრეებით, ის ვითარდება სტაბილური გარემოთი, თამაშით, რუტინით, ემოციური უსაფრთხოებით და დასვენებით“, – წერს ინკლუზიური განათლების სპეციალისტი, თინათინ გობაძე.










