ვინ არის ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის ბინაშიც აფეთქება მოხდა და როგორია მისი მდგომარეობა
1795158379
6 დაღუპული და 5 დაშავებული - ასეთია ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგი. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. შემთხვევის ადგილზე კვლავ მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.
ძებნა-შველის 15-საათიანი უწყვეტი ოპერაცია გვიან ღამით დასრულდა, საგამოძიებო მოქმედებები კი ამ დრომდე გრძელდება.
უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვით, მოსახლეობას საკუთარი სახლებიდან პირადი მოხმარების ნივთები გამოაქვთ. საცხოვრებელ სახლებში სპეციალური აღჭურვილობით შედიან და მათთან ერთად, კორპუსში შესვლის დროს იმყოფებიან მეხანძრე-მაშველებიც.
გარდა ამისა, შემოწმდა კორპუსების მდგრადობა. დასკვნის მიხედვით, ოჯახებისთვის ბინებში შესვლა სახიფათოა მხოლოდ ორ სადარბაზოში. მათ საცხოვრებელი ფართით მერია უზრუნველყოფს.
ადგილობრივი მოსახლეობა შემთხვევის დღეს იხსენებს. მზევინარ გაფრინდაშვილი ერთ-ერთი გარდაცვლილის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ბავშვები ფანჯრიდან გადახტნენ, დედამ კი გამოსვლა ვერ მოასწრო.
"დაიწყო ნგრევა შიგნიდან, ჩამოიშალა მერე. გვერდით მცხოვრების კედელიც სულ გამოანგრია მთლიანად. ანუ გვერდზე ვცხოვრობ, გვერდზე სადარბაზოში, მთლიანად დაიბზარა.
ბავშვები ფანჯრიდან გადმოხტნენ. დედამ იყვირა, გადახტითო, მესმოდა და მერე ჩამოინგრა. ვიღაც კაცის ხმა ისმოდა, ბიჭის ალბათ ჯაბას, ვინც დაიღუპა, მიშველეთო. ჩამოინგრა და მერე დაიღუპნენ რა. მაშველებიც რომ შევიდნენ, დაიწყო ნგრევა, ჩამოვარდა მთლიანად ოთახები. ჩემი მეუღლეც იქ იყო, რომ ვინმეს ვუშველიო და გამოიყვანეს", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
შემთხვევის დღეს იხსენებს კიდევ ერთი ადგილობრივი, ეთერ ტუღუში.
"დიდმა ხმაურმა ყველა შეგვაშინა და გამოვცვივდით გარეთ. მთელი სამეზობლო რეკავდა, სახანძროს დაურეკეს, სასწრაფოებს, მილიციაც მაშინვე მოვიდა. ფაქტიურად რა ვიცი, შეიძლება 10 წუთიც არ გავიდა, ყველანი აქ იყვნენ. ის შენობა გადაიწია, მაშველები რომ ასუფთავებდნენ, დაიძრა შენობა და გამოცვივდნენ. ველოდებით ახლა, რომ შეათანხმონ, რამდენი ადამიანი აგვიშვან, სათითაოდ თუ ორ-ორი აგვიშვან თითო ოჯახში, რომ ნივთები გამოვიტანოთ", - ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.