„ახლა გავარკვიე, 100 ათასზე მეტი ჰქონია გადარიცხული…“ - გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა
1779220355
ზაფხულის ტურისტული სეზონის წინ ბათუმში სერვისის ასამაღლებელი ტრენინგები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები ბარმენებს ჩაუტარდათ. თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგებისას ბარმენებმა შეისწავლეს კლასიკური კოქტეილების მომზადების ძირითადი მეთოდები, კოქტეილების რეცეპტები, სწორად მიწოდების წესები, ცალკეული კოქტეილებისთვის განკუთვნილი ჭურჭელი და მოსამზადებლად აუცილებელი ინსტრუმენტები. ასევე, ძირითადი ალკოჰოლური სასმელების (არაყი, რომი, ჯინი, ტეკილა, ვისკი, კონოაკი) შექმნის ისტორია და მათ ბაზაზე შექმნილი კლასიკური კოქტეილების მომზადების სხვადასხვა ხერხები. ტრენინგის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ტრენერის მეთვალყურეობით თავადვე მოემზადებინათ სხვადასხვა ტიპის კოქტეილები. ტრენინგები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა. მასში ბათუმში მოქმედი ბარებისა და რესტორნების ბარმენები მონაწილეობდნენ.
აჭარაში სერვისის ასამაღლებელი ტრენინგები ასევე მიმდინარეობს დამწყები გიდებისა და მზარეულებისთვის. დამწყები გიდების გადამზადება მარტში დაიწყო და ივნისის დასაწყისში დასრულდება. სამთვიან ინტენსიურ ტრენინგ-კურსში 30-მდე დამწყები გიდია ჩართული. გადამზადების პროგრამის მიზანი ბათუმის ტურის გიდების მომზადება, გიდის პროფესიით დაინტერესებული ადამიანებისთვის პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გადაცემა, კომპეტენტური, წყაროზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდება და გიდისთვის საჭირო უნარების გამომუშავება და განვითარებაა. რაც შეეხება მზარეულების ტრენინგებს, ის აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ტრენინგებისას 70-მდე მზარეული ხორცის დამუშავების ტექნოლოგიებს, ღია ცეცხლზე მომზადებას, ფრინველის დამუშავებას, ფრინველის კერძის მომზადებას, ხორცეულის კერძების მომზადებას, ბოსტნეულის, მხალეულის კერძებისა და ცომეულის მომზადებას შეისწავლის.