,,ავტომატის დაშლა-აწყობას სწავლობს... ლიზის შემდეგ, ბევრს მოუნდა წვრთნების გავლა" - მიშა რამიშვილი ჩელისტ ქალიშვილზე

lizi

ჩელისტი ლიზი რამიშვილი წვრთნებს თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნული გვარდიის ბაზაზე გადის, ასე ვთქვათ, მოყვარულ რეზერვისტთა რიგებშია.

ლიზი წარმატებული ჩელისტია. კოლორიტი და ყველასათვის საყვარელი ავტორ-შემსრულებლის, ოთარ რამიშვილის შვილიშვილს, უცხოეთში ცხოვრებამ მისცა სურვილი, სამშობლოსთვის მუდმივ მზადყოფნაში იყოს და გამძაფრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა დაიკმაყოფილოს. 

6 მაისს 26 წლის გახდა. ამ დღეს საწვრთნელ ბაზაზე შეხვდა და სიურპრიზად სამხედრო ფორმა მიიღო. 

"მეც იქ ვიყავი, თეორიული კურსის სერთიფიკაცი გადასცეს. მიულოცეს და წავიდა. მე დავრჩი და დამაჯილდოვეს, როგორც ლიზის მამა" - "პრაიმტაიმთან" ამბობს ადვოკატი მიხეილ რამიშვილი. 

იურისტმა მარიამ საბიაშვილმა დააარსა ჯგუფი "ვემსახურები საქართველოს", თავდაცვის სამინისტროსთან მემორანდუმიც გააფორმა. შეიკრიბნენ მოყვარულები, სხვადასხვა პროფესიის  გოგონები. და დაიწყეს წვრთნა. 

მიხეილ რამიშვილი: ლიზი ერთი თვით იყო ისრაელში და იქ სამხედრო ფორმიან გოგონებს უყურებდა. ხშირად კითხულობდა, როგორ ახერხებენ იყვნენ ასეთი ლამაზები და თანაც სამხედრო ფორმები ატარონო. დააინტერესა და თავიც გამოცადა.

მარიამმა კარგ საქმეს ჩაუყარა საფუძველი. ქალები მამაკაცებს სჯობნიან ყველგან და ყველაფერში და მათ პირველებმა გამოთქვეს საჯარისო წვრთნების სურვილი.

ლიზა კმაყოფილია, მიუხედავად იმისა, რომ მუსიკოსია, მოსწონს ეს საქმე. აქ პროფესიას არ აქვს მნიშვნელობა. ნებისმიერს უნდა ჰქონდეს ელემენტარული ცოდნა, საგანგებო მდგომარეობის დროს რომ შეეძლოს თავისა და ქვეყნის დაცვა, ჰქონდეს მზაობა. ყველამ თავისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა უნდა გაითავისოს. ადამიანი ადამიანის მხსნელია.

ლიზამ უცხოეთში მიიღო იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა იყოს ნებისმიერი მოქალაქე მზადყოფნაში.

მე იქ ვიყავი, ყველას ვესაუბრე, აბსოლუტურად ჯანსაღი გარემოა, თავისი დაცული სუბორდინაციითა და კულტურით. ერთმანეთზე უკეთესი ინსტრუქტორები ჰყავთ. 

ლიზი შემართულია, კმაყოფილი. სწავლობს საომარ მოქმედებებში რა უნდა გააკეთოს, სტრატეგიას და ტაქტიკას ეცნობა, სტიქიის დროს მოქცევის წესებს, კომპასის გამოყენებას სწავლობს... ცხოვრების წესსაც ასწავლიან.

როგორც მუსიკოსი, ხელის გაფუჭებას არ უფრთხის. ავტომატის დაშლა-აწყობას სწავლობს. თავს კომფორტულად გრძნობს. ადამიანი, ვისაც პასუხისმგებლობა გააჩნია, ასე იქცევა. 

მეგობრებთან ერთად ემზადება. მის სამეგობროში თითქმის ყველანი მუსიკოსები არიან. რეზერვისტობა გადამდებია, ლიზის შემდეგ ბევრს მოუნდა წვრთნების გავლა.