კერძები, რომლებიც გაცხელებისას მომწამვლელი ხდება
1730322257
სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობით, ალავერდის სამონასტრო კომპლექსში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოფხვრის მიზნით სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე სპეციალისტების მიერ მუშავდება ჯვრის ჩამაგრების კონსტრუქციული პროექტი. გარდა ამისა, გუმბათის გადასახურავად გრძელდება სხვადასხვა მიმართულებით კვლევა-პროექტირება, - აცხადებენ სააგენტოში.
მათივე ინფორმაციით, ამავდროულად, მიმდინარეობს წმ. გიორგის სახელობის ტაძრის გადახურვის ლორფინების გაწმენდის პროცესი.
დასრულდა ალავერდის სამონასტრო კომპლექსში შემავალი სიძველეთა საცავის სახურავზე დაზიანებული კრამიტის საბურვლის შეცვლა. ასევე, დასრულდა საეპისკოპოსო სახლსა და ტაძრის დასავლეთ მინაშენზე (სტოა) კრამიტის საბურვლის მოწყობა. კარიბჭე-სამრეკლოს გუმბათზე მოეწყო სპილენძის ბურული, ხოლო 10 სექტემბერს მასზე აღიმართა ახალჩამოსხმული ჯვარი.
აბბა ალავერდელი მიტროპოლიტის მეუფე დავითის (მახარაძე) მიერ ჯვრის კურთხევასა და არქიტექტორ-რესტავრატორების მიერ მის აღმართვას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის მოადგილე, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ აზნაურაშვილი და ბრინჯაოს მხატვრული ჩამომსხმლები: ოლეგ და პაატა გელაშვილები.
ჯვრის დამზადება სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უშუალო ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა, აღნიშნულ პროცესს კი წინ უძღოდა საპროექტო სამუშაოები. პროექტის მიხედვით გაკეთდა მაკეტი, რომლის საფუძველზეც დამზადდა ყალიბი, ყალიბში კი ჩამოისხა თითბრის ჯვარი. ჯვრის ჩამოსხმა მიმდინარეობდა არქიტექტორ-რესტავრატორების ზედამხედველობით. ანალოგიური გეგმით დამზადდა ჯვარი, რომელიც ალავერდის საკათედრო ტაძრის გუმბათზე აღიმართება.
25 ივნისს მომხდარმა ძლიერმა სტიქიამ დააზიანა ალავერდის ტაძრის გუმბათის თუნუქის საფარი, კერძოდ, საფარი გადახადა ტაძრის გუმბათს. ასევე, ჩრდილოეთი კალთის სხვადასხვა ადგილას დაიმტვრა ლორფინის ქვები, დანარჩენ ადგილებში დაზიანდა კრამიტის სახურავი, ჩაიმსხვრა ტაძრის დასავლეთი მხარისა და გუმბათის სარკმლები, დაზიანდა სამრეკლოს თუნუქისა და საეპისკოპოსო სახლის კრამიტის სახურავები, ასევე, ჩამოიშალა სასახლის აივანი, ტაძრის გუმბათიდან ჩამოვარდა ჯვარი და მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანდა ინფრასტრუქტურა.
26 ივნისს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ აზნაურაშვილთან ერთად ალავერდში ჩავიდა და სტიქიის შედეგად შექმნილ მდგომარეობას გაეცნო.
7 ივლისს სტიქიის შედეგად დაზიანებულ ალავერდის სამონასტრო კომპლექსში არსებულ ვითარებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეცნო. პრემიერ-მინისტრს შექმნილი მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ აზნაურაშვილმა და აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა.