ლევან მახაშვილი: საქართველოს ხელისუფლებისკენ კი არ გაიშვირონ ხელი, არამედ კითხონ მაგალითად, ბალტიის ქვეყნებს, რატომ ეწინააღმდეგებიან ეუთო/ოდირის დასკვნებს და დაკვირვებებს

ლევან მახაშვილი

თვეების განმავლობაში ვეუბნებოდით, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიებში ღირებულებას თუ ხედავთ, მაშინ პატივი ეცით მათ დასკვნებს და დაკვირვებებს. კარგი იქნება, საქართველოს ხელისუფლებისკენ კი არ გაიშვირონ ხელი, არამედ მაგალითად, ბალტიის ქვეყნებისკენ და კითხონ, რატომ ეწინააღმდეგებიან ამ დასკვნებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თვეების განმავლობაში მიზანიმართულად და გეგმაზომიერად როდესაც ძირს უთხრიან ეუთო/ოდირის რეპუტაციას, ნუ გაუკვირდებათ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება.

„გავეცანით ეუთო/ოდირის განცხადებას და ვფიქრობ, მისამართი ეშლებათ. პრობლემის წყაროს არ ეძებენ იქ, სადაც რეალურად არის. სიტყვა რომ შევუბრუნოთ, 20 წლის განმავლობაში პირველად ხდება, როდესაც ეუთო/ოდირის დასკვნა უბრალოდ დახიეს და პოლიტიკურ სანაგვეზე გადააგდეს, ამიტომ არ უნდა გაუკვირდეთ ჩვენი ნაბიჯები და გადაწყვეტილებები. პირიქით, საოცარ მდგომარეობაში ვართ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება იცავს და ბოლო რვა თვის განმავლობაში ხმა არავის ამოუღია ეუთო/ოდირის დასკვნის დასაცავად. არაერთ საერთაშორისო პლატორმაზე ვიყავით და თავად ეუთო ცდილობს საკუთარი პოზიციების დაცვას, არცერთ სახელმწიფოს და თავად ევროკავშირს ხმა არ ამოუღია მის დასაცავად. თვეების განმავლობაში მიზანიმართულად და გეგმაზომიერად როდესაც ძირს უთხრიან ეუთო/ოდირის რეპუტაციას, ნუ გაუკვირდებათ ჩვენი გადაწყვეტილება, როდესაც თავს ვიკავებთ ვინმეს მოწვევისგან. ვერ ვხედავთ ღირებულებას. ამას ვეუბნებოდით თვეების განმავლობაში, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიებში ღირებულებას თუ ხედავთ, მაშინ პატივი ეცით მათ დასკვნებს და დაკვირვებებს. ასეთი ჩვენ ვერ ვნახეთ, ამიტომ კარგი იქნება, თუ არა საქართველოს ხელისუფლებისკენ გამოიშვერენ ხელს, არამედ მაგალითად, ბალტიის ქვეყნებისკენ და კითხავენ, რატომ ეწინააღმდეგებიან ამ დასკვნებს, ჩვენ გვქონდა არაერთი დისკუსია, მათ შორის პორტუგალიაში, რატომ ეწინააღმდეგებოდნენ გაცოფებულები, რატომ არ უნდოდათ, ეუთო/ოდირი ჩამოსულიყო აქ. ჰკითხეთ, რა შიდა საუბრები და დისკუსიები ჰქონდათ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ეუთო/ოდირმა საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მათ შორის ნათქვამია, რომ „საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს ოფისის მოწვევას მომავალი ადგილობრივი არჩევნების დასაკვირვებლად. ეს წარმოადგენს საქართველოს ბოლო ოცი წლის განმავლობაში მუდმივი პრაქტიკისგან გამონაკლისს“.