1790272768
ახალი სტანდარტი მასწავლებლებისთვის - რა შეიცვალა
მასწავლებლებისთვის ახალი პროფესიული სტანდარტი ამოქმედდა. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2026 წლის 11 სექტემბრის №125/ნ ბრძანებით დამტკიცებულმა დოკუმენტმა 2008 წელს მიღებული პროფესიული სტანდარტი ჩაანაცვლა.
ახალი სტანდარტი მასწავლებლის პროფესიულ ცოდნასა და უნარებთან ერთად, სასწავლო პროცესის დაგეგმვას, მოსწავლეებთან ურთიერთობას, შეფასებას, მშობლებთან თანამშრომლობას, პროფესიულ პასუხისმგებლობასა და კარიერულ განვითარებას მოიცავს.
დოკუმენტის მიხედვით, მასწავლებელმა სასწავლო პროცესი მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებს, ინტერესებსა და შესაძლებლობებს უნდა მოარგოს. საჭიროების შემთხვევაში, პედაგოგმა განსხვავებული მიდგომები და აქტივობები უნდა გამოიყენოს, რათა ყველა მოსწავლემ შეძლოს დასახული სასწავლო მიზნის მიღწევა.
სტანდარტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა უსაფრთხო, ინკლუზიური და მხარდამჭერი საკლასო გარემოს შექმნას. მასწავლებელმა უნდა უზრუნველყოს მოსწავლის ღირსებისა და უფლებების დაცვა, ხელი შეუწყოს განსხვავებული აზრის თავისუფლად გამოხატვას და კომუნიკაცია თანასწორობასა და ურთიერთპატივისცემაზე ააგოს.
პედაგოგს ასევე ევალება დისკრიმინაციის პრევენცია, მოსწავლეებს შორის კონფლიქტების მიზეზების გაანალიზება და საჭიროების შემთხვევაში მათი მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობა.
ახალი სტანდარტი მასწავლებლის პასუხისმგებლობას მხოლოდ აკადემიური შედეგებით არ შემოიფარგლება. დოკუმენტში საუბარია მოსწავლეებში სამოქალაქო და ეროვნული ცნობიერების, ტოლერანტობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, კულტურული მრავალფეროვნებისადმი ინტერესის, ციფრული წიგნიერებისა და ცხოვრებისეული და კარიერული უნარების განვითარებაზე.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას უკავშირდება.
სტანდარტის მიხედვით, მასწავლებელმა სასწავლო პროცესში უნდა შექმნას ციფრული ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის, უსაფრთხო, ეთიკური და მიზნობრივი გამოყენების შესაძლებლობები.
ამასთან, პედაგოგმა მოსწავლეებს უნდა ასწავლოს ციფრული უსაფრთხოება, ონლაინსივრცეში პასუხისმგებლიანი ქცევა და ხელოვნური ინტელექტის ეთიკური გამოყენება.
თავად მასწავლებლის მიერ AI-ის გამოყენების შემთხვევაშიც აუცილებელია ეთიკისა და აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვა. პედაგოგი პასუხისმგებელი რჩება იმ პროფესიულ გადაწყვეტილებებსა და შედეგებზე, რომლებშიც ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები გამოიყენება.
სტანდარტის ნაწილია მედიაწიგნიერებაც. მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა შეუწყოს ხელი ინფორმაციის კრიტიკულად შეფასებაში და მედიისა და ციფრული რესურსების პასუხისმგებლიან გამოყენებაში.
იცვლება მიდგომა მოსწავლეთა შეფასების მიმართაც.
დოკუმენტის მიხედვით, შეფასება მხოლოდ ნიშნის დაწერას არ უნდა გულისხმობდეს. მასწავლებელმა შეფასების შედეგები მოსწავლის შემდგომი განვითარების დასაგეგმად უნდა გამოიყენოს.
პედაგოგმა უნდა შეარჩიოს სასწავლო მიზნის შესაბამისი შეფასების მეთოდი, გამოიყენოს სამართლიანი და გამჭვირვალე კრიტერიუმები და მოსწავლეს მისცეს კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული განმავითარებელი უკუკავშირი.
სტანდარტი ასევე ითვალისწინებს მიღებული შედეგების გაანალიზებას, მოსწავლის პროგრესის მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში სასწავლო პროცესის შეცვლას.
ცალკე მიმართულებად არის განსაზღვრული მშობლებთან თანამშრომლობა. მასწავლებელმა მშობელს ინდივიდუალურად უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ბავშვის აკადემიური მიღწევებისა და ქცევის შესახებ და მასთან ითანამშრომლოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
მასწავლებელმა ასევე ხელი უნდა შეუწყოს მშობლების სასკოლო ცხოვრებაში აქტიურ და მიზნობრივ ჩართულობას.
ახალი სტანდარტის მიხედვით, პედაგოგის პროფესიული განვითარება ერთჯერადი ტრენინგით არ შემოიფარგლება. მასწავლებელმა რეგულარულად უნდა შეაფასოს საკუთარი პრაქტიკა, გამოავლინოს პროფესიული საჭიროებები და დაგეგმოს შესაბამისი განვითარების აქტივობები.
ამასთან, პროფესიული გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს მონაცემებსა და მტკიცებულებებს, მათ შორის მოსწავლეთა შეფასების შედეგებს, დაკვირვებასა და უკუკავშირს, ასევე სანდო კვლევებსა და პროფესიულ რეკომენდაციებს.
ახალი პროფესიული სტანდარტი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა და 2008 წელს დამტკიცებული სტანდარტი ჩაანაცვლა.











