ახალი სასწავლო წელი ახალი ფორმით - სასკოლო ფორმის დიზაინი უკვე შექმნილია

ფორმა

ანდრია მაჭავარიანი ერთ-ერთი იქნება იმ მოსწავლეებს შორის, რომელიც ახალ სასწავლო წელს სიახლით შეხვდება. მზადება რამდენიმე თვით ადრე უკვე დაწყებული აქვს და ახალი სასკოლო ფორმის ესკიზებსაც გაეცნო. მშობლებისთვის ეს გადაწყვეტილება მისასალმებელია - ამბობენ, რომ ერთიანი კომპლექტის შეძენა უფრო ბიუჯეტური და პრაქტიკულია.

სასკოლო ფორმის დიზაინი უკვე შექმნილია. პიჯაკი და შარვალი - ასე გამოიყურება გოგონებისთვის ერთ-ერთი ვარიანტი. არსებობს კიდევ ერთი ვარიაციაც, რომელიც კომპლექტში შედის - პიჯაკი, ქვედა ბოლო და გრძელი ქვედაკაბა. რაც შეეხება ბიჭებს, მათი სასკოლო ფორმა პიჯაკითა და შარვლით განისაზღვრა. პიჯაკები ეროვნული სიმბოლიკით იქნება გაფორმებული.

2026-2027 სასწავლო წლიდან სასკოლო ფორმის ტარება ყველა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სავალდებულო ხდება. სიახლე ვრცელდება მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეებზეც. სასკოლო ფორმების შეკერვა ორ ეტაპად იგეგმება - უკვე გამოცხადდა კონკურსი ბაზრის კვლევაზე.

პირველი ეტაპი 31 ივლისამდე უნდა დასრულდეს, რის შედეგადაც ტანსაცმლის 30 პროცენტი შეიკერება. ფორმების წარმოების მეორე ეტაპი კი 20 აგვისტომდე დასრულდება.

სიახლეს მიესალმებიან სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელებიც. ზოგიერთ სკოლაში უკვე არსებობს ფორმის ტარების კულტურა. პედაგოგები ფიქრობენ, რომ რეფორმა ხელს შეუწყობს სწავლაზე ორიენტირებული ატმოსფეროს შექმნას.

სასწავლო დაწესებულებებში სასკოლო ფორმების შემოღება განათლების სისტემის რეფორმის ნაწილია, რომლის მიზანია ყველა მოსწავლისთვის თანაბარი გარემოს შექმნა და სრულფასოვანი განათლების მიღების შესაძლებლობა.

სასკოლო რეფორმის ფარგლებში სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერა მთავარი პრიორიტეტია. სახელმწიფო სასკოლო ფორმებს უფასოდ გადასცემს იმ მოსწავლეებს, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალური მომსახურების სააგენტოს ბაზაში 60 000-ს არ აღემატება.