6-თვის ვადით გაწვეულმა წვევამდელებმა ოცეულის დონის ტაქტიკური სწავლება ჩაატარეს

წვევამდელი

ვაზიანის სასროლეთზე 6-თვის ვადით გაწვეულმა წვევამდელებმა ოცეულის დონის ტაქტიკური სწავლება ჩაატარეს. სწავლებას თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური, მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი გიორგი ჯინჭარაძე და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.

წვრთნაში მონაწილეობდნენ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 6-თვის ვადით გაწვეული წვევამდელები, რომლებიც სამხედრო სამსახურს აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 43-ე ბატალიონის შემადგენლობაში გადიან.

სწავლების მიზანს მოწინააღმდეგის ძირითადი ძალების განეიტრალება წარმოადგენდა. წვევამდელების მთავარი ამოცანა პოტენციური მოწინააღმდეგის ბლოკირების, შეყოვნებისა და კონტრშეტევაზე გადასვლის კომპონენტების შესრულება იყო.

43-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს მხარს უჭერდნენ სატანკო, საინჟინრო, ჰაერსაწინააღმდეგო და საარტილერიო ქვედანაყოფები.