იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ - ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
1782887923
მასშტაბურად და განსხვავებულად აღინიშნა წელს ,,ახალციხელობა 2026“. წმინდა შალვა ახალციხელის ხსენების დღესთან დაკავშირებით ახალციხის ციხეზე მრავალფეროვანი სანახაობრივი ღონისძიებები გაიმართა.
ღონისძიების სტუმრებმა XII საუკუნეში იმოგზაურეს, მოეწყო ძველი ქალაქის ბაზარი, ქართული ასპარეზობები და რაინდთა ორთაბრძოლები, ძველი ავთენტური ქორეოგრაფია. წარმოდგენილი იყო ქართული გალობის კუთხე, ციხის მთავარ მოედანზე კი გრანდიოზული მუსიკალური წარმოდგენა მოეწყო.
ახალციხელებს და დამსწრე საზოგადოებას დღესასწაული მიულოცეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ანტონ ობოლაშვილმა, ახალციხისა დატაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორემ და საკრებულოს თავმჯდომარემ საბა კბილაშვილმა.
ღონისძიების ფარგლებში გამოვლინდნენ ახალციხის საპატიო მოქალაქეები: დალი ქოზაშვილი - ექიმი რადიოლოგი, რომელიც სამ ათეულ წელზე მეტია ახალციხისა და რეგიონის მოსახლეობის ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგას; ბესიკ ამირანაშვილი - ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის ინიციატორი ახალციხის მუნიციპალიტეტში; კახა კახაძე - სპორტსმენი, მეწარმე, სხვადასხვა სოციალური, საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ინიციატივების მხარდამჭერი; ანაიტ ლოკიანი - მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექიმი ინფექციონისტი; ზაქარია დიდიმამიშვილი - ახალციხის სპორტული გაერთიანების ჭადრაკის მწვრთნელი, სამცხე-ჯავახეთის მხარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, არაერთი თაობის აღმზრდელი პედაგოგი;
საღამოს დასკვნით ნაწილში სანახაობრივი მუსიკალური პროგრამით წარსდგნენ - საფესტივალო ორკესტრი, აჭარის სახელმწიფო კაპელა, სხვადასხვა ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები, ხრიდოლის ფედერაციის მებრძოლები, სოლისტები - ნატო მეტონიძე, მარიანა ბერიძე და ბერდია ონიანი.„ახალციხელობა“ განსაკუთრებულად გაალამაზეს წამყვანებმა - გიორგი კალანდიამ, ნანა შონიამ და კახა მიქიაშვილმა. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად დაწესდა ქრისტიანული მუსიკის ფესტივალი, რომელიც ტრადიციად იქცევა და მომავალი წლიდან მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.
ქალაქის მთავარ დღესასწაულს მინისტრთა კაბინეტის, საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.



