150 ადგილიანი ახალი პანსიონის აშენება იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს წლებში ეს პანსიონი აშენებული იქნება - გივი მიქანაძე

გივი მიქანაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის ნომერ 199-ე საჯარო სკოლას ეწვია.

მინისტრმა სკოლის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა და სასწავლო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, მოსწავლეთა პანსიონი დაათვალიერა.

"ჩვენი ვიზიტის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ ეს სკოლა დგას გამოწვევების წინაშე, სკოლა საჭიროებს გაფართოებას და ასევე პანსიონის ინფრასტრუქტურა სრულიად შესაცვლელია.

150 ადგილიანი ახალი პანსიონის აშენება იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს წლებში ეს პანსიონი აშენებული იქნება, რაც შესაძლებელს გახდის, რომ ყველა განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ გაიღრმაოს თავისი ცოდნა და იცხოვროს აქ სწავლების პერიოდში,"- აცხადებს გივი მიქანაძე.