სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
49 წლის კახა კოტორაშვილს ხელბორკილი ვალუტის გადამცვლელ პუნქტში დაადეს. სამართალდამცველები თამარ მეფის 32 ნომერთან, დილის 08:00 საათის შემდეგ გამოჩნდნენ. მაშინ, როდესაც კოტორაშვილი ობიექტზე, თანამშრომელთან ერთად იმყოფებოდა. საგამოძიებო უწყებამ, მამაკაცი, პროკურატურისა და უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი ღონისძიების შედეგად, ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავა, შემდეგ კი ვალუტის გადამცვლელ პუნქტში ჩხრეკა ჩატარდა.
კახა კოტორაშვილი კომპანია "ფინის" 100-პროცენტიანი წილის მფლობელია. საჯარო რეესტრის დოკუმენტებით ირკვევა, რომ ბრალდებულის შპს 2010 წლიდან ფუნქციონირებს. მის საქმიანობასთან დაკავშირებით, ამ დრომდე არაფერს ამბობენ ოჯახის წევრები.
კოტორაშვილს გამოძიება უპრეცედენტო ოდენობის - 624 მილიონი ამერიკული დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრებას ედავება. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, კომპანია "ფინის" დამფუძნებელმა 2022-24 წლებში, ვალუტის გადამცვლელი პუნქტის საფარქვეშ შექმნა ფულის გათეთრების უკანონო ქსელი. სწორედ, კოტორაშვილთან შეთანხმებით მოქმედებდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, რომლებიც დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის უცხოურ ვალუტას, მოსაზღვრე ქვეყნებიდან, საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით, ავტომანქანებში მოწყობილი სამალავებით საქართველოში აგზავნიდნენ. ბრალდებულის სავალუტო ობიექტზე შეგროვებული თანხა კი, გასათეთრებლად თავად კოტორაშვილს, კომერციულ ბანკებში მიჰქონდა და ფინანსურ ორგანიზაციას თანხის წარმომავლობის შესახებ ყალბ მონაცემებს აწვდიდა. გამოძიების პროცესში ჩართულია და პროკურატურას საჭირო ინფორმაცია უკვე მიაწოდა ეროვნულმა ბანკმაც.
დანაშაულებრივი სქემის ერთ-ერთი ფიგურანტი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს. კახა კოტორაშვილს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა და ამ გადაწყვეტილებით სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. დაცვის მხარე კი კოტორაშვილის გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა.
რა იყო დანაშაულის მოტივი და კიდევ ვინ ფიგურირებს ფულის გათეთრების საქმეში? - გამოძიების შედეგს ელოდება პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძის თქმით, სახელმწიფოს ყველა კატეგორიის დანაშაულზე მკაცრი რეაგირება ექნება.
გამოძიების შედეგს ელოდება ოპოზიციაც. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე და 2022-24 წლებში არსებულ დანაშაულებრივ სქემაზე კითხვებს, პასუხი, გამოძიებამ უნდა გასცეს.
საიდან და რა გზით შემოვიდა 700 მილიონამდე დოლარი საქართველოში და რა მიზნით იყენებდნენ დანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირები ამ თანხას? - უპრეცედენტო ოდენობის ფულის გათეთრების საქმეზე, საგამოძიებო უწყებისგან დამატებით ინფორმაციას ელოდება სახელისუფლებო გუნდი.
უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე, პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს განაგრძობს. ორი უწყება ერთობლივად მუშაობს დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირების, საქმესთან დაკავშირებული დამატებითი დეტალების, გარემოებებისა და შესაბამისი მტკიცებულებების მოსაპოვებლად. კახა კოტორაშვილს კი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.