თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია ცხრა პირი

პოლიციის სირენა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის პოლიციის, იმერეთის პოლიციის, კახეთის პოლიციისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია ცხრა პირი. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1969 წელს დაბადებული მ.ლ.; 1997 წელს დაბადებული დ.ღ.; 1997 წელს დაბადებული ჯ.ქ.; 1984 წელს დაბადებული ვ.ბ.; 1961 წელს დაბადებული გ.გ.  ასევე, წარსულში ნასამართლევი ოთხი პირი – 1995 წელს  დაბადებული რ.კ; 1970 წელს დაბადებული პ.ღ.; 1976 წელს დაბადებული ა.ბ. და 1972 წელს დაბადებული ბ.ჯ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი,  ავტომობილების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს, სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რევოლვერები და პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და მჭიდები.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.