„სხვა კაცებთან სექსუალურ კავშირს მაიძულებდა“ - თურქეთში, ქმრის მკვლელობაში ბრალდებული ქართველი ქალის ჩვენება, რომელსაც 17 წელი მიუსაჯეს

ლენტა

თურქეთის ერზრუმის პროვინციაში საქართველოს მოქალაქე ქალის მიერ ქმრის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი დასრულდა.

თურქული მედიის ცნობით, ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და მსჯავრდებულთა საჩივრები არ დააკმაყოფილა.

საქმე ერზრუმის პროვინციის აზიზიეს რაიონში მომხდარ სასტიკ მკვლელობას ეხება. 2023 წლის 11 ივნისს, სოფელ კაჰრამანლარის ტერიტორიაზე მდებარე საველე ქოხში 49 წლის აიჰან ავჯი გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციას მომხდარის შესახებ მისმა ნაცნობმა, 57 წლის ფაჰრულა ოზდემირმა შეატყობინა.

ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა და სამედიცინო ჯგუფმა დაადგინეს, რომ მამაკაცი თავისა და კისრის არეში მიყენებული მძიმე დაზიანებების შედეგად იყო გარდაცვლილი. გამოძიების ფარგლებში ოზდემირი და აიჰან ავჯის 35 წლის ქართველი მეუღლე, პადინა ავჯი დააკავეს.

რას ამბობდნენ ბრალდებულები

საქმის თავდაპირველ ეტაპზე პადინა ავჯი აცხადებდა, რომ ქმარი სახლიდან უცნობ პირთან სატელეფონო საუბრის შემდეგ წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მისი თქმით, მეორე დღეს ფაჰრულა ოზდემირთან ერთად ქმრის მოსაძებნად საველე ქოხში მივიდა, სადაც აიჰანი უგონოდ და სისხლში დასვრილი იპოვა.

თუმცა, ოზდემირმა მკვლელობიდან ორი დღის შემდეგ დანაშაული აღიარა და გამოძიებას დეტალური ჩვენება მისცა.

მისი ვერსიით, შემთხვევამდე პადინა ავჯიმ უთხრა, რომ ქმარი მას სხვა მამაკაცებთან სექსუალურ ურთიერთობას 1 500 თურქული ლირის სანაცვლოდ აიძულებდა. ამ საკითხზე აიჰან ავჯისთან კამათი მოხდა. ოზდემირის განცხადებით, მამაკაცი მას დანით დაესხა თავს, რის შემდეგაც მან აიჰანს თავში ტრაქტორისა და მისაბმელის შემაერთებელი მძიმე ლითონის დეტალი ჩაარტყა.

მისივე ჩვენებით, პადინა ავჯიმ ქმარს თავში ნიჩაბი ჩაარტყა, ხოლო თავად ოზდემირმა აიჰანს კიდევ ერთხელ ნაჯახის ბლაგვი ნაწილით დაარტყა. ოზდემირის განცხადებით, ამის შემდეგ პადინა ქოხში დარჩა და აიჰანს ნაჯახით კვლავ ურტყამდა.

გამოძიების მასალების მიხედვით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ აიჰან ავჯის სხეულზე სულ ცხრა ჭრილობა და დაზიანება დააფიქსირა. სიკვდილის მიზეზად თავის ქალის მოტეხილობა, ტვინის ტრავმული სისხლჩაქცევა და შედეგად განვითარებული შიდა და გარე სისხლდენა დასახელდა.

სასამართლოს გადაწყვეტილება

საქმე ერზრუმის მე-3 მძიმე დანაშაულთა სასამართლოში განიხილებოდა. 2024 წლის დეკემბერში სასამართლომ პადინა ავჯი ქმრის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და თავდაპირველად დამამძიმებელ გარემოებებში უვადო პატიმრობა მიუსაჯა. ფაჰრულა ოზდემირს კი განზრახ მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა განესაზღვრა.

თუმცა სასამართლომ ორივე მსჯავრდებულთან მიმართებით „უკანონო პროვოკაციის“ - თურქული სამართლის მიხედვით haksız tahrik — გარემოება გაითვალისწინა. შედეგად, პადინა ავჯის სასჯელი 17 წლამდე, ხოლო ფაჰრულა ოზდემირის სასჯელი 15 წლამდე შემცირდა.

გადაწყვეტილება დაცვის მხარემ გაასაჩივრა. ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ გამოძიება სრულყოფილად არ ჩატარებულა, საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა და მათი დაცვის ქვეშ მყოფთა გამართლება ან თავდაცვის მდგომარეობის გათვალისწინება უნდა მომხდარიყო.

თუმცა საბოლოო ეტაპზე სასამართლომ მსჯავრდებულთა საჩივრები არ დააკმაყოფილა და ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ამრიგად, საქართველოს მოქალაქე პადინა ავჯის მიმართ დაკისრებული 17-წლიანი პატიმრობის სასჯელი ძალაში დარჩა, ხოლო ფაჰრულა ოზდემირის  15-წლიანი პატიმრობა.

აიჰან ავჯის ოჯახის ადვოკატმა სასამართლოს მიერ სასჯელის შემცირება გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ორივე მსჯავრდებულისთვის დაკისრებული სასჯელი მათთვის „ჯილდოს მსგავსი“ იყო.