საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის შეკვეთით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის სასამართლო პროცესი გაიმართა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის შეკვეთით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის სასამართლო პროცესი გაიმართა. წინა სასამართლო სხდომაზე გადაისინჯა ფარცხალაძისთვის შეფარდებული აღმკვეთი ღონისძიება და ის უცვლელი დარჩა.

ადვოკატის განცხადებით, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის საქმეში რუსეთის ორი მოქალაქის ჩვენებები მხოლოდ ირიბ მტკიცებულებებს ეფუძნება და სავარაუდო კონფლიქტზე მიუთითებს. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ინფორმაცია ამ კონფლიქტის არსებობის აბსურდულობას ადასტურებს.

„ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ოქროს მოწმედ წოდებული ორი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იძლევა ირიბ ჩვენებას, რომელიც თურმე საუბრობს გარკვეული სახის კონფლიქტზე და დაცვის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია აღნიშნული კონფლიქტის აბსურდულობაზე საუბრობს და უფრო მეტიც. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, აღნიშნული პირები ბრალდებულნი არიან ცრუ დასმენის მიცემასთან დაკავშირებით, ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს მათ საგამოძიებო ორგანოს“, - აცხადებს ადვოკატი.

პროკურორ ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ბრალდების მხარე დაცვის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას ითხოვს, რადგან, მისი შეფასებით, მათი მოპოვებისას კანონის არსებითი მოთხოვნები დაირღვა.

„ბრალდების მხარემ დააყენა დაცვის მხარის მიერ კანონის არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულების დაუშვებლობის შესახებ შუამდგომლობა. ასევე, ჩვენ მოვისმინეთ დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც არარეალისტურია, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება სამართლებრივ ნორმებს და ბრალდების მხარე მას სათანადო პასუხს კონკრეტულ დასაბუთებაზე მითითებით გასცემს ხვალ სასამართლო პროცესზე.

რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ჩვენ მიგვაჩნია, რომ დაცვის მხარემ, რომლებმაც რამდენიმე მოწმე გამოჰკითხეს რუსეთის ფედერაციაში, რომელიც არაფრის ინფორმაციის მატარებელი - ამ მოწმეთა ჩვენებები და გამოკითხვის ოქმში ასახული ინფორმაცია არ არის. მიუხედავად ამისა, ისინი არის კანონის არსებითი დარღვევით, უგულებელყოფილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა, ასევე საერთაშორისო აქტები. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ არის დაუშვებელი და მიგვაჩნია, რომ სასამართლო ამ შემთხვევაში მიიღებს კანონიერ და დასაბუთებულ გადაწყვეტილებას“, - აცხადებს პროკურორი ლევან ვეფხვაძე.

ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს ბრალი წარდგენილი აქვს მუხლით, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს. რომანოვ-ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.