საქმის მასალებით დასტურდება, რომ ეს ფონდები ჩართულები იყვნენ სამართალდარღვევის წახალისებაში - ლაშა კოტრიკაძე

 ლაშა კოტრიკაძე

საქალაქო სასამართლოში "სამართლიანი არჩევნების" ყოფილი ხელმძღვანელის გამოკითხვა მიმდინარეობს. ნინო დოლიძე, რომელმაც პროკურატურაში მისვლაზე უარი განაცხადა, გამოძიების კითხვებს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით პასუხობს.

საგამოძიებო უწყებაში დაბარებულია კიდევ 6 არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი. 7 ორგანიზაციის ანგარიშები გასულ კვირას დააყადაღეს.

პროკურორ ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, საქმის მასალებიდან გამომდინარე, აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ გაჩნდა კითხვები, რომლის საფუძველზეც დაკითხვა მაგისტრი მოსამართლის წინაშე გაგრძელდება.

"საქმის მასალებით დასტურდება, რომ ამ ორგანიზაციების ფინანსები ხმარდებოდა ისეთი საშუალებების შეძენას, როგორიც არის წიწაკის სპრეი, ჩაფხუტები, სახის დამცავი სათვალეები, ნიღბები და ა.შ.

გარდა ამისა, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ეს ფონდები ჩართულები იყვნენ სამართალდარღვევის წახალისებაში, რაც გამოიხატებოდა სამართალდამრღვევი პირების ჯარიმების გადახდაში. ეს არ იყო ჯარიმის ერთჯერადი გადახდა, ამას ჰქონდა მასობრივი ხასიათი. ასევე ეს გამოიხატებოდა ბრალდებულის სახით დაკავებული პირების საადვოკატო მომსახურებაში, პირადი ხასიათის ფინანსური საკითხების გადაწყვეტაში და ა.შ.

ეს ერთობლიობაში გვაძლევს იმ სურათს, რაც იყო საფუძველი, რომ ყადაღა დაედებოდა მათ ანგარიშებს, ასევე არსებობს საფუძველი, რომ გარკვეული კითხვები იყოს მათ მიმართ და ეს დაკითხვები ჩატარდება სასამართლოში", - განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ.