1756239882
ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 პირი სასამართლოს საბოლოო სიტყვით მიმართავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული 11 პირს პროცესი მიმდინარეობს.
ბრალდებულები სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართავენ.
ერთ-ერთი ბრალდებულის, ანდრო ჭიჭინაძის თქმით, რუსთაველზე შეკრებილ ადამიანებს უსამართლობის შეგრძნება აერთიანებდათ.
„12 წლის ასაკი, ის პერიოდია როდესაც ჩემი ოჯახის ახლობელი სანდრო გირგვლიანი მოკლეს. მაღალჩინოსნები, პოლიციელები რომ არ ისჯებოდნენ ვერ ვხვდებოდი, რატომ შეიძლება არ დასჯილიყვნენ, ადამიანები ვერ გამოხატავდნენ პროტესტს. ეს ჩემს გარშემო ხდებოდა, ვერ ვხვდებოდი რატომ ეს იყო შიში რატომაც ვერ გამოხატავდნენ. მაშინ ვთქვი. რომ არ შემეშინდებოდა. იმის მერე ბევრჯერ გახდა აზრის გამოხატვა საჭირო ქუჩაში. ვერ მოვიტყუები რომ, ძალიან აქტიური ვიყავი ამ წლების განმავლობაში, მაგრამ არც პასიური. შემოგდებული კანონის უკან გაწვევამ გააჩინა აზრი, რომ შესაძლებელი იყო რაღაცის მიღწევა პროტესტით. რუსული პოლიტიკური ტექნოლოგიების შედეგია ხალხის დაყოფა, ამ სცენარის ნაწილია ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერება და პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადება. თუ ჩვენ ვამაყობთ ვეფხისტყაოსანით, ვამაყობთ ჩვენი ფასეულობებით, რომლებიც წმინდა ევროპულია, ამაზე მიდის თავდასხმა. მთავრობაში ვინც არიან ამ შესაძლებლობის გამოყენება არ უნდათ, ჩვენს შვილებს უნგრევს მომავალს. რუსთაველზე ადამიანებს უსამართლობის შეგრძნება აერთიანებდათ, უსამართლობაზე მეტად არაფერი მეზიზღება. ერი ცოტა რამეზე ვართ შეთანხმებულები, მაგრამ შეთანხმებულები ვართ ევროპულ გზაზე“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.
როგორც ბრალდებულმა გიორგი ტერიშვილიმა აღნიშნა, საქართველოს სიყვარულისთვის ასამართლებენ.
„გვასამართლებენ საქართველოს სიყვარულისთვის, აღარ გვინდა რუსეთი, ევროპა გვინდა. ჯალათი წულუკიანი გამოვიდა გუშინ და საქართველოს დასდო ბრალი. ეს მთავრობა მიიწევს რუსეთისკენ და უნდა მოვაშოროთ ეს მთავრობა. პროკურორებს მივმართავ, მალე მოვა დრო და საქართველოს ღალატისთვის გასამართლდებით. ადვოკატებს მადლობა, რომ მსოფლიოს დაანახვეთ მოღალატე პროკურორები და ცრუ მოწმეები. ვიბრძოლოთ ბოლომდე, გამარჯვებამდე“, – განაცხადა ტერიშვილმა.
ბრალდებულმა ვალერი თეთრაშვილი თავის დასკვნით სიტყვაში აღნიშნა, რომ ჯგუფურად არ მოქმედება და საპროტესტო აქციაზე დამოუკიდებლად მივიდა.
„მადლობა ხალხს, ჟურნალისტებს, მსახიობებს მორალური მხარდამჭერისთვის, დღემდე გადავსებული გქონდათ დარბაზი. არ ვეთანხმები არ ვაღიარებ ბრალდებას, არ შემისრულებია არავის მითითებები, მით უმეტეს ჩემთვის უცნობი ხალხის. ეს ადამიანები აქ გავიცანი. მივმართავ პროკურორებს, უუნაროები ბრძანდებით. 9 თვე რომ რაღაცას ამტკიცებთ და ბოლოში სხვა რაღაცას, გუშინდელი დღეც ამას ამტკიცებს. დიდი მადლობა ბიჭებს, რომ მსგავსი არაფერი ვიკადრეთ. ისევ შევხვდებით ერთმანეთს სასამართლო დარბაზში, ოღონდ ადგილების გაცვლით“, – აღნიშნა თეთრაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს. დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.