1756184460
პარლამენტმა საგამოძიებო კომისიის ანგარიშთან დაკავშირებით დადგენილების პროექტს მხარი დაუჭირა

საგამოძიებო კომისიის ანგარიშთან დაკავშირებით პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დადგენილების პროექტს უყარა კენჭი და მას მხარი დაუჭირა.
კერძოდ, პარლამენტმა 85 ხმით არცერთის წინააღმდეგ მიიღო დადგენილების პროექტი „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგების შესახებ“.
დადგენილების პროექტი სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ წარადგინა:
„საგამოძიებო კომისიისთვის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში განხილული ინფორმაციისა და დასკვნაში მოყვანილი ფაქტების გაანალიზების საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ განხორციელებულ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას; „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ მკვლელობებსა და ძალადობას, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების ხელყოფას, კორუფციის, ბიზნესის რეკეტისა და საკუთრების უფლების ხელყოფის უხეშ ფაქტებს. მედიის თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო პროცესის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს, მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათთან დაკავშირებული პირების ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას 2012-2025 წლებში. გუშინ თეა წულუკიანმა წარმოადგინა შემაჯამებელი დასკვნა, 460-გვერდიანი დასკვნის დოკუმენტიდან. საგამოძიებო კომისიამ გასწია კოლოსალური შრომა. საზოგადოების სახელით, მინდა, ამ ტრიბუნიდან უღრმესი მადლობა გადავუხადო, რადგან უმნიშვნელოვანესი პროცესი წარიმართა საქართველოს პარლამენტში. თითოეული ეს მიმართულება არის აღწერილი 460-გვერდიან დასკვნაში. პროცესს როდესაც ვადევნებდით თვალყურს, ეს იყო ლუსტრაცია და მხილება, ხშირ შემთხვევაში, თვითმხილება ამ რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან, რეალურად რას ემსახურებოდნენ დემოკრატიის სახელით და დემოკრატიის შუქურის საფარის ქვეშ. რეალურად, ვინ ესაუბრება დღეს ჩვენს ახალგაზრდობას დემოკრატიის და დემოკრატიის პრინციპების სახელით აქ, რუსთაველის გამზირზე, თუ სხვაგან, თავის გათითოკაცებულ პარტაქტივს – ხშირ შემთხვევაში, გადაღებილ-გადანომრილი მათივე პოლიტიკური მემკვიდრეები“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
ირაკლი კირცხალიას განმარტებით, 460-გვერდიანი დასკვნის საფუძველზე მომზადდება მყარი და საფუძვლიანი სარჩელი, რომელიც გაიგზავნება საკონსტიტუციო სასამართლოში.
„საზოგადოება პირდაპირ ეთერში, საკონსტიტუციო სასამართლოში დააკვირდება იმ პროცესს, რასაც აკვირდებოდა თვეების მანძილზე“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.