ჯასტინ ტიმბერლეიკი თბილისში გამართულ კონცერტზე კომენტარს აკეთებს
1753639980
საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს ახალი პროკურორი წევრი აირჩიეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
საპროკურორო საბჭოს წევრის არჩევა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან, პროკურორების და პროკურატურის გამომძიებლების მიერ ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით მოხდა. საპროკურორო საბჭოს წევრი დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორის მოადგილე თეიმურაზ ლომთაძე გახდა.
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ პროკურორთა კონფერენციას სიტყვით მიმართა, საქართველოს პროკურატურის საქმიანობაში საპროკურორო საბჭოს მნიშვნელობაზე ისაუბრა და წარდგენილ კანდიდატებს წარმატებები უსურვა.
„საპროკურორო საბჭოს შექმნამ ხელი შეუწყო პროკურატურის დამოუკიდებლობის გარანტიების ზრდას და დანერგა წევრთა სიმრავლეზე დაფუძნებული კოლეგიური გადაწყვეტილების მიღების კულტურა. დადებითად წაახალისა პროკურორებსა და საბჭოს სხვა წევრებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ახალი პრაქტიკა და აქამდე მიღებული არაერთი გადაწყვეტილებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თანამედროვე პროკურატურის ისტორიაში“, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ.
საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ ლონდა ბიჭიკაშვილმა კანდიდატების მაღალ პროფესიონალიზმზე ისაუბრა და მათ წარმატებები უსურვა.
„სწორედ კვალიფიკაცია, პიროვნული უნარები, გამოცდილება და სისტემის სიყვარული არის ის ძირითადი ფაქტორები, რაც განაპირობებს იმას, რომ თითოეული მათგანი ღირსეულად გაართმევს თავს საპროკურორო საბჭოში მისთვის დაკისრებულ მოვალეობას. დარწმუნებული ვარ რომ არჩეული კანდიდატი აქტიურად ჩაერთვება საპროკურორო საბჭოს საქმიანობაში და მნიშვნელოვან როლს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პროკურატურის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობის, ეფექტიანი ფუნქციონირების, პროკურატურის განვითარების და გაძლიერების საქმეში“, - აღნიშნა ლონდა ბიჭიკაშვილმა.
,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში არჩეულ 15 წევრს შორის 8 პროკურორია, რომელთაც ფარული კენჭისყრით ირჩევს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია.
საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადა 4 წელია,
საპროკურორო საბჭო პროკურატურის დამოუკიდებლობას და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.