1756837139
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ ირაკლი ყანდაშვილი აირჩიეს
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურში ირაკლი ყანდაშვილმა გაიმარჯვა.
ირაკლი ყანდაშვილმა 1 473 ხმა მიიღო, მეორე ტურში მონაწილე თავმჯდომარეობის კიდევ ერთმა კანდიდატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა კი – 1 366.
მეორე ტურში სულ 2 855 ადვოკატმა მისცა ხმა.
„მადლობა ყველა ადვოკატს ამ პროცესში მონაწილეობისთვის. მოხარული ვარ, რომ მივიღე საკმაოდ დიდი ნდობა და მეძლევა საშუალება, ჩემს საყვარელ პროფესიას ვემსახურო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. მთავარი პრიორიტეტი იქნება, რომ ჩვენ, თითოეული ადვოკატი ვართ ერთი დიდი ოჯახი. მე აქ ვერ ვხედავ გამარჯვებულს და დამარცხებულს, ეს არის პროცესი, რომლის დასრულების შემდეგ ყველანი ვართ პროფესიის სამსახურში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა ადვოკატს, მზად ვარ, ვემსახურო პროფესიას“, – განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების პირველი ტური 14 დეკემბერს გაიმართა. ამასთან, 14 დეკემბრის კრებაზე აირჩიეს აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევრები.












