1766345779
ვისთვის მუშაობს ევროპული სტანდარტი და რატომ მოქმედებს განსხვავებული მიდგომა სამი კანდიდატი ქვეყნის მიმართ
კაია კალასმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ბრიუსელში დემოკრატია უნივერსალური ღირებულება კი არა, გეოგრაფიული პრივილეგიაა.
ანუ, ევრობიუროკრატებისათვის თუ ზესახელმწიფო ხარ, შენი ეროვნული სტრატეგია სუვერენული უფლებაა და "პარტნიორის საქმეში ჩარევა" ტაბუირებულია. მაგრამ თუ საქართველო ხარ - ზუსტად იგივე ქმედება მყისიერად "რუსულ სცენარად" ინათლება.
ის, რომ ევროკავშირის "ჩაურევლობის პრინციპი" მყიფეა, კალასის პრესკონფერენციაზეც გამოჩნდა. მისი რიტორიკით მტკიცდება, რომ ევროკავშირის "ღია კარი" საქართველოსთვის, საკუთარი სუვერენიტეტის დაცვის პირობებში, დახურულია.
ბრიუსელის ორმაგი სტანდარტის ძიების კვალდაკვალ, ნათლად ჩანს ფეხქვეშ დაგებული წითელი ხალიჩა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირის წევრობის სურვილის პარალელურად, არც ირანში ვიზიტს ერიდებიან და არც პუტინის კარზე სტუმრობას.
ევროკომისარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის პარადოქსი, რომ ორმაგი სტანდარტი ევროპულ პოლიტიკაში არა გამონაკლისი, არამედ ნორმაა.
თუმცა ჰააგაში, თავად კალასისთვის მოულოდნელი რამ მოხდა. ის, რისი თქმაც უმაღლესმა ევროკომისარმა ვერ გაბედა, თქვა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ. მან ხაზგასმით განაცხადა, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.
ფაქტია, რომ ძალიან ბევრ საკითხზე დღეს ევრობიუროკრატია და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები პოლიტიკურ გაერთიანებაშივე ვერ თანხმდებიან - უნგრეთი, სლოვაკეთი და ახლა უკვე ჩეხეთი, ხმამაღლა აკრიტიკებენ ბრიუსელის პოლიტიკას და იმ მიდგომებს, რომელიც ევროპის კონტინენტზე მშვიდობის დამყარებას ხელს უშლის.
ის, რაზეც ახლა ევროპელი ლიდერები საუბრობენ, საქართველოსთვის არც უცხოა და არც მოულოდნელი. დღევანდელ ბრიუსელს, არც ორბანის, არც ბაბიშის და არც ფიცოსი არ ესმის.
თანმიმდევრული პოლიტიკის არათანმიმდევრული ლოგიკა, შტატებთან გაუარესებული ურთიერთობა და დამანგრეველი შედეგების მომტანი გადაწყვეტილებები, რამაც ერთ დროს მდიდარი ევროკავშირი, ახლა სესხებზე დამოკიდებული გახადა.
შედეგი ნათელია, ევროკავშირში ვერაფერზე თანხმდებიან, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკის ასპექტში. მესიჯბოქსი არაერთგვაროვანია. სამაგიეროდ ზუსტად იციან, რა ფორმით უნდა ებრძოლონ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც მათ პოლიტიკას არ იზიარებენ. ბოლო პერიოდში კი, ეს მიდგომაც წარუმატებელი გამოდგა.
დრო გადის, კადრები კი რჩება. ევრობიუროკრატიის გაძლიერება რომ იმდენად საშიშ ძალას შექმნიდა, რომელიც კავშირის წევრი და სხვა ქვეყნების დამოუკიდებელ არსებობას საფრთხეს შეუქმნიდა, ეს ჯერ კიდევ 1980 წელს, დიდი ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, რკინის ლედიმ - მარგარეტ ტეტჩერმა იწინასწარმეტყველა.
ტეტჩერი საკუთარი გამოსვლიდან რამდენიმე კვირაში მოულოდნელად თანამდებობიდან გადააყენეს. ხოლო ის, რასაც "რკინის ლედი" "კოშმარს" უწოდებდა, დღეს ევროკავშირის რეალობაა. ევრობიუროკრატია თავის გეზს არ ცვლის, კითხვა კი უცვლელია: რამდენად შეძლებს ევროკავშირში სუვერენიტეტი დიქტატზე გამარჯვებას, მაშინ, როცა მოჯადოებული წრე არა გამარჯვებას, არამედ ნგრევას გვპირდება.












