სამართალდამცველების მხრიდან რაიმე სახის ძალადობას ან იძულებას ადგილი არ ჰქონია... ჩხრეკისას ამოიღეს მისი კუთვნილი ქურთუკი - 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის ადვოკატი

მარიამ მეყანწიშვილის ადვოკატი

"სამართალდამცველების მხრიდან რაიმე სახის ძალადობას ან იძულებას ადგილი არ ჰქონია, ყველაფერი მშვიდ ვითარებაში ჩატარდა," - ამის შესახებ ჟურნალისტებს 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის ადვოკატმა, ანა ბერიამ განუცხადა.

მისივე თქმით, სამართალდამცველებმა ჩხრეკის დროს ის ქურთუკი ამოიღეს, რომელიც დაკავებულს 4 ოქტომბერს ეცვა.

"პირველ რიგში, დაიწყეს ჩხრეკით - ამოიღეს მისი კუთვნილი ქურთუკი, რომელიც თავად, თავისი ნებით წარუდგინა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებს. ეს ქურთუკი მას, როგორც თავად განმარტავს, 4 ოქტომბერს ეცვა. ველოდებით უშუალოდ მტკიცებულებებს, რომ ვიცოდეთ, რა პასუხი შეიძლება გავცეთ ამ მტკიცებულებებს," - აცხადებს ანა ბერია.

შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან, მარიამ მეყანწიშვილი, სიმონ მახარაძე, დავით ღურწკაია და გიორგი ტალახაძე. კონკრეტულად რას ედავებიან დაკავებულებს, ჯერჯერობით, უცნობია.