ვენაში ეუთოს მინისტერიალი გრძელდება - ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს მართავს

ვენაში ეუთოს მინისტერიალი გრძელდება

ვენაში ეუთოს მინისტერიალი გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს მართავს. მაკა ბოჭორიშვილი უკვე შეხვდა თურქეთის, სლოვაკეთის, უნგრეთის, ლუქსემბურგის, სერბეთის, უზბეკეთის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს.

შეხვედრებზე განიხილეს ეუთოს ფარგლებში თანამშრომლობის, პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებისა და ორმხრივი ვიზიტების დინამიკის გააქტიურების საკითხები.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია აცხადებს, რომ მთავარი საკითხები, რომელიც ქართულმა მხარემ დააყენა, ეს იყო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი.

"თვითონ ორგანიზაცია, საქართველოსთვის, განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.  ეს არის ორგანიზაცია, სადაც პირველ რიგში, მიმდინარეობს უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობა. მოგეხსენებათ, საქართველოს მთავარი უსაფრთხოების გამოწვევა ეს არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი. შესაბამისად, ეს იყო მთავარი საკითხები, რომელიც იდგა ქართული მხარის მხრიდან, როგორც მრავალმხრივ, ისე ორმხრივი შეხვედრების ფორმატში", - აცხადებს ლაშა დარსალია.

შეხვედრის შედეგებზე ისაუბრა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ავსტრიაში, მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთო-სა და ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში, ალექსანდრე მაისურაძემ.

"მთავარი საკითხი, რომელიც ქართულმა მხარემ დააყენა შეხვედრების განმავლობაში, ბუნებრივია, იყო ის გამოწვევა, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და რომელიც უკავშირდება მიმდინარე ოკუპაციას. მოგეხსენებათ, რომ მომავალ წელს, შვეიცარიის კონფედერაცია გადაიბარებს ეუთოს თავმჯდომარეობას და ქართული მხარე გააგრძელებს თავის ძალისხმევას, რათა ჩვენთვის მნიშვნელოვანი და არა მხოლოდ, რეგიონული და ზოგადად საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაციას, შენარჩუნებული იქნას და აქტუალურად შენარჩუნდეს საერთაშორისო ორგანიზაციების და უპირველეს ყოვლისა ეუთოს დღის წესრიგში", - აცხადებს ალექსანდრე მაისურაძე.