მთაწმინდაზე, 24 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

სასამართლო

მთაწმინდაზე, 24 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული ბაჩო სირაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა და ამით პროკურატურის მოთხოვნა. ბრალდების მხარე სირაძისთვის აღკვეთის სახით, ორთვიან წინასწარ პატიმრობას ითხოვდა. ადვოკატი კი მისი 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას აყენებდა.

დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

პროკურატურამ მას ბრალი სსკ-ის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად) წარუდგინა , რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, მკვლელობა თბილისში  18 თებერვალს, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. 24 წლის ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლეს. დანაშაულს კი წინ ერთ-ერთ კლუბში დაწყებული ჩხუბი უძღოდა.