გელა უძილაურს დაკავების მომენტში წინააღმდეგობა არ გაუწევია - ჩხრეკა დაკავების ადგილზე ჩატარდა, რა დროსაც, ამოღებულ იქნა იარაღი და რამდენიმე მჭიდი, რომელშიც ვაზნები იყო მოთავსებული - გამომძიებელი

ლევან ჯანგველაძე

გელა უძილაურს დაკავების მომენტში წინააღმდეგობა არ გაუწევია - ჩხრეკა დაკავების ადგილზე ჩატარდა, რა დროსაც, ამოღებულ იქნა იარაღი და რამდენიმე მჭიდი, რომელშიც ვაზნები იყო მოთავსებული,- ამის შესახებ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობისა და მისი მძღოლის, გია ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებული გელა უძილაურის საქმის ერთ-ერთმა გამომძიებელმა, ვიქტორ მახარაძემ განაცხადა.

გამომძიებლის მიერ სასამართლოში დაკითხვის დროს გაჟღერებული ინფორმაციის თანახმად, გელა უძილაურის ჩხრეკის დროს, გამომძიებლებმა GLOCK ტიპის იარაღი, მჭიდთან ერთად ამოიღეს, რომელშიც 15 ვაზნა იყო მოთავსებული, ასევე ბრალდებულის ჩანთის ჩხრეკისას კიდევ 3 მჭიდი იქნა ნაპოვნი, საიდანაც 2-ში 17 ვაზნა, ხოლო მე-3 მჭიდში 1 ვაზნა იყო მოთავსებული.

„როდესაც, შეტყობინება შემოვიდა, რომ ჭავჭავაძეზე მკვლელობა მოხდა, 10 გამომძიებელი გავედით ადგილზე. მე ძირითადი გამომძიებელი არ ვარ, მაგრამ აღნიშნული საქმის მთავარი გამომძიებლის დავალებით, 14 მარტს მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, ფაქტის შემსწრე პირები გამოვკითხე.

ასევე, მე მოვახდინე დაკავების დღეს გელა უძილაურის პირადი ჩხრეკა და დაკავება. ოპერატიული ინფორმაცია მივიღეთ, რომ ის ბერიაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდა. მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ჩხრეკა დაკავების ადგილზე ჩატარდა, რა დროსაც, ამოღებულ იქნა იარაღი და რამდენიმე მჭიდი, რომელშიც ვაზნები იყო მოთავსებული. ასევე, მისი ტანსაცმელი და პირადი ჰიგიენის საშუალებები. ასევე, ფულადი თანხაც",- განაცხადა ვიქტორ მახარაძემ.