„ჩემი ამოცანა მიღწეულია... საფრთხე სად არის" - თინა ხიდაშელმა სასამართლოს შენობა დატოვა

ხიდაშელი

 თინა ხიდაშელი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე საკუთარ განცხადებას საფრთხის შემცველად არ მიიჩნევს. ჩემი ამოცანა მიღწეულია, - აცხადებს ხიდაშელი, თუმცა კითხვა - რატომ არ მიმართა მან საგამოძიებო უწყებას, უპასუხოდ დატოვა.

"ჩემი ამოცანა მიღწეულია. მე მინდოდა, რომ როგორც ნორმალურ, ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, ვიღაცა საყვირს ჩაბერავს საფრთხის შესახებ და მერე საგამოძიებო ორგანოები ამ საფრთხეს მოიკვლევენ... როგორც ჩანს, ჩემი ამოცანა შესრულებულია", - განაცხადა თინა ხიდაშელმა სასამართლოს შენობის დატოვების შემდეგ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხედავს თუ არა საფრთხეს თავის განცხადებებში, მაშინ როდესაც ახლო აღმოსავლეთი ცეცხლის ალშია გახვეული, ხიდაშელმა უპასუხა: "საფრთხე სად არის, ეს მითხარით..."

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხნენ. გამოკითხვაზეა დაბარებული გივი თარგამაძე და ვახტანგ კაპანაძე.

სუს-ში გამოძიება ბოლო დღეების განმავლობაში გაჟღერებულ ცალკეულ განცხადებებთან დაკავშირებით დაიწყო, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირებას და ტერორიზმთან დაკავშირებით მინიშნებებს ეხებოდა. თინა ხიდაშელთან შეკითხვები მის ბოლო განცხადებას ეხება - თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თქვა, რომ საქართველოში ტერორისტების სკოლა ფუნქციონირებს, გიორგი კანდელაკი კი ჰადსონის უნივერსიტეტისთვის მომზადებულ კვლევაში წერდა, რომ რელიგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებები, ღიად მოქმედებენ საქართველოში და ხელს უწყობენ თეირანთან მოკავშირე რელიგიურ დოქტრინას. ასევე, ქმნიან ირანისადმი ლოიალურ სასულიერო ქსელებს და უზრუნველყოფენ იდეოლოგიურ მომზადებას.

რაც შეეხება გივი თარგამაძეს - შეკითხვები მის განცხადებასთან დაკავშირებით გაჩნდა, სადაც ამბობს, რომ უნივერსიტეტში ჯიჰადს ასწავლიან. გამოძიების ფარგლებში, პირველი გუბაზ სანიკიძე გამოიკითხა - მისივე სურვილით, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 319-ე მუხლით დაიწყო, რაც უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.