1786431261
ბათუმელი ტელეწამყვანისა და მეტეოროლოგის მიმართ ძალადობისა და მუქარის ბრალდებით 2 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში დააკავეს ორი პირი, რომლებიც ტელეწამყვან კობა ფარტენაძეს დაჭრით ემუქრებოდნენ.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა, რომელსაც ძალადობა ედება ბრალად, მიმდინარე წლის 9 აგვისტოს, ურთიერთშელაპარაკებისას, ბათუმში კობა ფარტენაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, მომხდარიდან მალევე, მას ბრალდებულის სახით დაკავებული კიდევ ერთი პირი დანის გამოყენებით დაჭრით დაემუქრა.
სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორივე მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს,”- ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 – ე და 151- ე მუხლებით მიმდინარეობს.
ფაქტს ფარტენაძის დედა სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
„ერთი შვილი უკვე ვერაგულად მომიკლეს; მეგობრებისა და სიმართლის დამცველი, ახლა კი ჩემს ერთადერთ შვილს, კობა ფარტენაძეს ემუქრებიან მოკვლით, ვინ ხართ და რას წარმოადგენთ, ამდენის უფლებას რომ აძლევთ თქვენს თავს? ვის რა დაგიშავათ ჩემმა შვილმა?! ყველას მოგიზღვევთ უფალი, თუ კანონი არა! მადლობა ყველას, ვინც გვერდით დაგვიდექით და იბრძოლეთ სამართლიანობისთვის“, - წერს მზია ნიქაბაძე.










