1733169705
„7 ადამიანს ჯგუფურად, დანით, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენეს“ - პროკურატურამ 2 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, ჯგუფურად ჩადენილი შვიდი პირის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 24 ნოემბერს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, ბრალდებულებმა შვიდ დაზარალებულს ჯგუფურად, დანით, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენეს", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 25 ნოემბერს დააკავეს. ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ლ" ქვეპუნქტით, ხოლო მეორეს 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის "მ" და "ლ" ქვეპუნქტებით, (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.