1790884478
ტყიბულის №4 საჯარო სკოლას შინდისის გმირის, ნიკოლოზ ფორჩხიძის სახელი მიენიჭა
ტყიბულის მუნიციპალიტეტში პროექტის ,,გმირის დღე“ ფარგლებში, 2008 წლის აგვისტოს ომის, შინდისის გმირის, ნიკოლოზ ფორჩხიძისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. მის მშობლიურ ქალაქ ტყიბულის №4 საჯარო სკოლას ნიკოლოზ ფორჩხიძის სახელი მიენიჭა და გმირის მემორიალური დაფა გაიხსნა, სადაც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კუბლაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ შინდისის გმირობა არის საქართველოს თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ამაყი ფურცელი და მათი სახელების არდავიწყება თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ბიოგრაფიული წიგნის პრეზენტაცია — „ცხარაჯვარიდან შინდისამდე“, რომელიც მიეძღვნა ნიკოლოზ ფორჩხიძის გმირობის ისტორიასა და მის შესახებ არსებულ მოგონებებს. წიგნი ტყიბულის საკრებულოს თავმჯდომარის, იზოლდა ნემსაძის თანაავტორობით გამოიცა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტში ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული გუბერნატორი, ლევან ზალკალიანი, პარლამენტის წევრები - ნინო წილოსანი და ვლადიმერ ბოჟაძე, ტყიბულისა და ტერჯოლის მიტროპოლიტი, მეუფ გიორგი, ნიკოლოზ ფორჩხიძის ოჯახის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები.
ამავე დღეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ ძიროვანში ნიკოლოზ ფორჩხიძის საფლავი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
გმირის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ტყიბულში, თეატრალურის კვარტეტისა და სოფო ხალვაშის მუსიკალურმა საღამომ დაასრულა.












