რუსთავში სანაპიროს ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რუსთავში სანაპიროს ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რუსთავში ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა კიდევ ერთ ლოკაციაზე – სანაპიროს ქუჩაზე დაიწყო. აღნიშნული ქუჩის რეაბილიატაცია, იმ მასშტაბური პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელიც ოთხ სხვადასხვა ლოკაციაზე ხორციელდება და  მარჯანიშვილის, ფალიაშვილის, კლდიაშვილის, სანაპიროს ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურის სრულ განახლებას ითვალისწინებს.

სანაპიროს ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან  და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურაბ ტაბაღუასთან ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო.

 „რუსთავის მერიის გუნდმა სანაპიროს ქუჩის მოწესრიგება დავიწყეთ, რომელიც  ერთ-ერთი დიდი პროექტის ნაწილია. აღნიშნული პროექტი მარჯანიშვილის, ფალიაშვილის, კლდიაშვილისა და სანაპიროს ქუჩების სრულ რეაბილიტაციას მოიცავს. ოთხივე ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა საკმაოდ ამორტიზირებული იყო. პროექტის ფარგლებში, გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაიგება ასფალტის საფარი, დაემატება განათების სისტემები. სამუშაოების დასრულების შემდეგ რუსთავს კიდევ რამდენიმე თანამედროვე და უსაფრთხო ქუჩა შეემატება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

 სანაპიროს ქუჩაზე, პროექტის ფარგლებში, 3300 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ასფალტის სამფენიანი საფარი დაიგება. მოეწყობა სანიაღვრე სისტემა და დაწნეხილი ფილებით მოპირკეთებული ტროტუარები, დამონტაჟდება გარე განათების ახალი ქსელი.

„საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და ახალი გზების მშენებლობა, ჩვენი მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, შესაბამისად, ამ მიმართულებით სამუშაოები აქტიურად იგეგმება და ხორციელდება. დღეისათვის, ქალაქში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის მორიგი ეტაპი დავიწყეთ, რომელიც ჩვენმა გუნდმა მოსახლეობასთან შეთანხმებით, ქალაქის განვითარების სტრატეგიის შესაბამისად დავგეგმეთ“, - განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა.

მარჯანიშვილის, ფალიაშვილის, კლდიაშვილისა და სანაპიროს ქუჩების რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 5 834 439 ლარია და სრულად ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდა.