ამინდი ისევ გაუარესდება - ნახეთ, განახლებული პროგნოზი საქართველოს მასშტაბით
1771667382
რუსთავში, ქორეოგრაფიული კონკურს-ფესტივალი „ქართული 2026“-ის ჩასატარებლად მზადება დაიწყო. რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ქალაქში მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლების წარმომადგენლებს შეხვდა და წლევანდელი ფესტივალისთვის დაგეგმილი სიახლეები გააცნო. წელს „ქართული“ უკვე საერთაშორისო მასშტაბს შეიძენს და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ქართული დიასპორების ქორეოგრაფიული ანსამბლებიც მიიღებენ მონაწილეობას.
,,რუსთავში, ქართულ ცეკვაზე 6000-მდე ახალგაზრდა დადის, ისინი ჩვენი ქვეყნის ძალიან ლამაზ ტრადიციას აგრძელებენ. გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა ჩვენი ვალდებულებაა, ხელი შევუწყოთ და განვითარების შესაძლებლობა მივცეთ მათ. სწორედ ამას ემსახურება კონკურს-ფესტივალი ,,ქართული”, რომელიც ჩვენს ქალაქში, უკვე ტრადიციად იქცა. გვახარებს ის ფაქტი, რომ ,,ქართულის” მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. გასულ წელს 3000 მოცეკვავე იღებდა მონაწილეობას და ფესტივალს 60 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა. რუსთავის მერიის გუნდმა ფესტივალისთვის მზადება უკვე დავიწყეთ. ჩვენი ,,ქართული", წელს კიდევ უფრო მასშტაბური გამორჩეული იქნება როგორც ქალაქისთვის, ისე ქვეყნისთვის”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
კონკურს-ფესტივალში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაწყებულია და 15 მარტამდე გაგრძელდება. „ქართული-2026“, რუსთავის ცენტრალურ პარკში მოწყობილ საფესტივალო სივრცეს, 10-დან 20 ივნისის ჩათვლით დაიკავებს და გასული წლების მსგავსად, ქალაქის ერთ-ერთი მთავარი კულტურული მოვლენა იქნება. კონკურს-ფესტივალის ჟიური, გამარჯვებულებს 10 სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლენს და მათ, რუსთავის მერია, სოლიდურ ფულად ჯილდოს გადასცემს. გრანპრის მფლობელი ანსამბლი, 10 000 ლარს და სპეციალურად ,,ქართულისთვის" შექმნილ გარდამავალ ჯილდოს მიიღებს. კონკურს-ფესტივალი „ქართული“ რუსთავში პირველად 2024 წელს გაიმართა. გასულ წელს მასში 3000 მოცეკვავე მონაწილეობდა და 60 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.