1748324677
მარნეული სპორტული სკოლა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას შეუერთდა

მარნეულის მუნიციპალიტეტში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე „კიდევაც დაიზრდებიან“ მონუმენტთან მდებარე სკვერში საზეიმოდ აღინიშნა.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ტრადიციულად შეუერთდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა შეჯიბრებები მკლავჭიდში, ქართულ ჭიდაობაში და მშვილდოსნობაში.
სპორტული შეჯიბრების გამარჯვებულებს გადაეცათ მედლები, დიპლომები და თასები, რაც ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი მოტივაცია იყო.
ქართულ ჭიდაობაში, აბსოლუტურ წონით კატეგორიაში გამარჯვებულს, ტრადიციულად გადაეცა ჭედილა.
მოგეხსენებათ, ქართული ჭიდაობა არა მხოლოდ სპორტული დისციპლინაა, არამედ ჩვენი ეროვნული იდენტობის ცოცხალი გამოხატულებაა. 2018 წელს იუნესკომ ქართული ჭიდაობა მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანა. ქართული ჭიდაობის პოპულარიზაცია, მისი დაცვა და განვითარება ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის უმნიშვნელოვანესია.
მარნეულის სპორტული სკოლა, ადგილობრივ სახალხო დღესასწაულებში აქტიურად ერთვება, რაც
მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარებისთვის და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისათვის.
მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ლია გიგაურმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა ზაურ დარგალმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნიკა კობახიძემ.