დიდთოვლობის შედეგებს ებრძვიან სვანეთში. ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაო მიმდინარეობს

დიდთოვლობ

დიდთოვლობის შედეგებს ებრძვიან სვანეთში. ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაო მიმდინარეობს. ამ დროის მონაცემებით, ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია. ამ ეტაპზე ლენტეხში 7, ცაგერში კი 8 სოფელი რჩება ჩაკეტილი. სპეციალური ტექნიკა მუშაობას განაგრძობს.

„განსაკუთრებული პრობლემა შეიქმნა ლენტეხის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, სადაც ჩაიკეტა ცენტრალური საავტომობილო გზა და შიდა სასოფლო, საუბნო გზები. ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია ყველა ტიპის საავტომობილო საშუალებით.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში გაიწმინდა 42 სოფელი და დარჩენილი იყო 7 სოფელი, რომელიც ჩაკეტილია, დღეს დილიდან 6 ერთეული ტექნიკით დაიწყო 7-ვე სოფლის გაწმენდითი სამუშაოები.

ცაგერის მუნიციპალიტეტში 58 სოფლიდან გაიწმინდა 32 სოფელი, დარჩა 26 და აქედან 8 სოფელი ჩაკეტილია. დარჩენილ სოფლებში მაღალი გამავლობის მანქანებით მისვლა შესაძლებელია. დღეს დილიდან 10 ერთეული ტექნიკით დაიწყო აღნიშნული სოფლების გაწმენდა. წმენდის სამუშაოები გართულებულია იმის გამო, რომ თოვლის საფარმა გადააჭარბა 2 მეტრს და მძიმე ტექნიკას გადაადგილება უჭირს.

ამ დროისთვის ელექტრო ენერგია მიეწოდება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის, ყველა აბონენტს“, - განაცხადა რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთს სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა.