მნიშვნელოვანი ინფორმაცია - აკრძალვა, რომელიც აპრილიდან ამოქმედდება
1768388765
„აღმოაჩინე მთელი წლის თავგადასავლები საქართველოში“ - ამ სათაურით სტატიას პოპულარული ბრიტანული სათავგადასავლო ჟურნალი ,,Wired for adventure" აქვეყნებს. ვრცელ სტატიაში მკითხველს აჭარის ოთხი სეზონის, მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს აცნობენ და ახალი თავგადასავლების საძიებლად ბათუმში სტუმრობისკენ მოუწოდებენ. „ბათუმი საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის, აჭარის დედაქალაქია, რომელიც ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. ის საპორტო ქალაქია და გამოირჩევა კონტრასტებით. აქ უძველესი ნავსადგური კაშკაშა თანამედროვე ცათამბჯენების ფონზე გხვდება. ქალაქი აღმოსავლეთის და დასავლეთის კულტურული და გეოგრაფიული გზაჯვარედინია. მშვიდი პლაჟები და შთამბეჭდავი მთის ლანდშაფტები ბათუმს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს და მას წლის ნებისმიერ დროს მიმზიდველ სამოგზაურო მიმართულებად აქცევს. გაზაფხულსა და ზაფხულში ქალაქი ენერგიული და სიცოცხლით სავსეა, ხოლო შემოდგომასა და ზამთარში მყუდრო ხდება, რაც საუკეთესო საშუალებას ქმნის დასვენებისა და ადგილობრივი ტრადიციების სიღრმისეულად გასაცნობად.“ - წერია ჟურნალში ,,Wired for adventure", რომელსაც ყოველთვიურად მილიონობით მკითხველი ეცნობა.
სათავგადასავლო ჟურნალი მკითხველს გაზაფხულზე ბათუმის აყვავებული შემოგარენისა და ეროვნული პარკების აღმოჩენებისკენ მოუწოდებს, ყურადღებას კი მტირალას ეროვნული პარკის მარშრუტებზე, სერვისებსა და პროდუქტებზე ამახვილებს. „აჭარა განსაკუთრებით ლამაზია ზამთრის შემდეგ, როდესაც ბუნება იღვიძებს, ბათუმის შემოგარენი ფერებითა და სიცოცხლით ივსება და სტუმრებს ბუნებაში სამოგზაუროდ იწვევს. ლაშქრობის მოყვარულთათვის ეს პერიოდი განსაკუთრებით საინტერესოა. ქალაქთან ახლოს მდებარე მტირალას ეროვნული პარკი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილია, მდიდარია მრავალფეროვანი ტყეებითა და შთამბეჭდავი კანიონებით. ბილიკებს აყვავებული მცენარეები ამშვენებს, ხოლო ჩანჩქერები დასვენებისა და პიკნიკისთვის იდეალურ გარემოს ქმნის.“
,,Wired for adventure" ბათუმში ზაფხულში დასვენებაზე საუბრისას საზღვაო აქტივობებთან ერთად სათავგადასავლო ტურისტულ პროდუქტებზე წერს და მკითხველს მათ გამოცდას ურჩევს. „ზაფხულში ბათუმი განსაკუთრებით აქტიურია და თუ თანამედროვე ქალაქის ენერგიისა და ღია ცის ქვეშ თავგადასავლების მოყვარული ხართ, ეს იდეალური დროა ბათუმის მოსანახულებლად. ბათუმის ბულვარი და ქალაქის მოედნები სავსეა სიცოცხლით, ხოლო ცნობილი ქანდაკება „ალი და ნინო“ თითქოს ყოველ საღამოს ცოცხლდება. თავგადასავლების მოყვარულთათვის ასევე ხელმისაწვდომია კანიონინგი ბუნებრივ ჩანჩქერებსა და მდინარის კანიონებში, ან მთებში 1789-მეტრ სიგრძის ჩირუხის ზიპლაინით ფრენა.“
ჟურნალი მკითხველს ბათუმის საშემოდგომო ტურისტულ პროდუქტებსაც აცნობს. წერს რთველის, ღვინის დაყენების ტრადიციისა და სხვა საშემომოდგომო ტურისტული აქტვივობების შესახებ. „შემოდგომა იდეალური დროა ლაშქრობისათვის და სოფლის ლანდშაფტების დათვალიერებისთვის, სადაც შემოდგომის ფერები განსაკუთრებულად მრავალფეროვანი და თვალწარმტაცია. ფრინველების დამკვირვებლებისთვის ეს პერიოდი განსაკუთრებულად შთამბეჭდავია: ბათუმი მტაცებელი ფრინველების მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება მსოფლიოში, ამ დროს ბათუმის ცა მილიონობით ფრინველით იფარება.“
ზამთარში ბათუმში სტუმრობისას „Wired for adventure" მკითხველს ურჩევს ბათუმის ბოტანიკური ბაღი, ისტორიული ძეგლები და მუზეუმები მოინახულოს, თავგადასავლებისთვის კი კურორტ „გოდერძის“ ესტუმროს. „ქალაქთან ახლოს მდებარეობს გოდერძის სათხილამურო კურორტი, რომელიც სრიალის მოყვარულებს, სნოუბორდინგისა და ზამთრის ლაშქრობის შესაძლებლობას სთავაზობს როგორც მომზადებულ სათხილამურო ტრასებზე, ისე გაუკვალავ ფერდობებზე. სახლში დაბრუნების შემდეგ კი შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული სასმელი „ჭაჭა“ მრავალფეროვან ქართულ კერძებთან, მაგალითად აჭარულ ხაჭაპურთან ერთად.
,,Wired for adventure" ბრიტანული სათავგადასავლო, ტურისტული ჟურნალია, რომელშიც თავმოყრილია სათავგადასავლო ისტორიები და ადგილები, პრაქტიკული რჩევები ჰაიკინგის, ველოსიპედით მოგზაურობის, ლაშქრობისა თუ სხვა აქტიური დასვენების სახეობებისთვის საჭირო აღჭურვილობისა და დანიშნულების ადგილების შესახებ.
ჟურნალის გარეკანზე, სადაც ბათუმის შესახებ სტატია გამოქვეყნდა, კურორტ „გოდერძის“ ულამაზესი ფოტოა განთავსებული. გარდა ამისა, საინტერესო ფოტოპოსტებია გამოქვეყნებული, ბათუმის ოთხი სეზონის ტურისტული მიმართულებების შესახებ, ჟურნალის Facebook, Instagram-მ და Threads-ის ოფიციალურ გვერდებზე.