ბათუმში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

ბათუმი

ბათუმში, ევროპის მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი ოჯახთან ერთად დაესწრო.

ქალაქის მთავარი ნაძვის ხე, ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ ბავშვებთან ერთად აანთო.

დღესვე, ევროპის მოედანზე გაიხსნა საზეიმო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მორთული „საახალწლო სოფელი“, სადაც წარმოდგენილია სამეწარმეო და გასტრონომიული სივრცეები. დაგეგმილია მრავალფეროვანი საბავშვო გასართობი აქტივობები, წარმოდგენა-პერფორმანსები და კონცერტები ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების მონაწილეობით.

ახალ წელს ბათუმი საზეიმო გალაკონცერტით შეხვდება, ხოლო სადღესასწაულო ღონისძიებები 7 იანვარს, საშობაო კონცერტით დასრულდება.

საახალწლო ღონისძიებები აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც იმართება. დღეს მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო ხულოსა და შუახევში. ხოლო, ქედაში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში ნაძვის ხის ანთების ცერემონია 22 დეკემბერს გაიმართება.

ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.