26 მაისი არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ უდიდეს პასუხისმგებლობას, რომელიც საქართველოს წინაშე გვაქვს თითოეულ ჩვენგანს - ნინო ლაცაბიძე

ნინო ლაცაბიძე

რუსთავში 26 მაისი დილიდან მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება.

სადღესასწაულოდაა მორთული თავისუფლების მოედანი და ქალაქის ცენტრალურ ქუჩები. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რუსთავში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და რუსთავის მერიის ორგანიზებით იმართება.

წლევანდელი 26 მაისის მთავარი ლაიტმოტივის - ქრისტიანობის 1700 წლისთავის აღსანაშნავი ბანერები, საქართველოს ეროვნულ დროშასთან და კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის პორტრეტთან ერთად,  ქალაქის მერიის მთავარ ფასადზეა გამოფენილი. 
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილი, რუსთავის დელეგატი პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი,  გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, სოფლის მეურნეობის სააგენტის ხელმძღვანელი ზურაბ გოზალიშვილი,  ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები იოსებ ალიბეგაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი, რუსთავის საკრებულოს დეპუტატები ესწრებიან.

„26 მაისი არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს იმ უდიდეს პასუხისმგებლობას, რომელიც საქართველოს წინაშე გვაქვს თითოეულ ჩვენგანს. ჩვენი ქვეყნის  მთავარ დღესასწაულს ვულოცავ  რუსთავს და სრულიად საქართველოს! ეს დღე ყველას გვაერთიანებს და რუსთავში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობაა. ქალაქის მთავარ მოედანზე წარმოდგენილია რუსთავის დიდი ისტორია, ასევე ის პროექტები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის მომავლისთვის. თავისუფლების მოედანზე უამრავი გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები იმართება, ასე რომ ყველას გელოდებით, ერთად აღვნიშნოთ ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი დღე“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

თავისუფლების მოედანზე  საბავშვო-გასართობი და შემეცნებითი შინაარსის პავილიონები, რუსთავის ისტორიისა და დღევანდელობის  ამსახველი ინსტალაციებია წარმოდგენილი, კოსტავას გამზირზე კი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ტექნიკაა გამოფენილი. მთელი დღის განმავლობაში ბავშვებისთვის გაიმართება სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები. მიმდინარეობს ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრებისა და პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

26 მაისის სცენა რუსთავის ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა დაიკავეს და ქართული ფოლკლორით მიულოცეს რუსთაველებს ქვეყნის მთავარი დღესასწაული. 17:10 საათზე, ტრადიციულად მთელ საქართველოსთან ერთად შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, რითაც 1918 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის აქტის მიღების ზუსტი დრო აღინიშნება.

26 მაისის აღსანიშნავი გალა კონცერტი კი 19:00 საათზე დაიწყება.