„ყველა ლიმფური კვანძის კიბოდ შერაცხვა სწორი არ არის, თუმცა სიფრთხილის გამოჩენა სწორი და აუცილებელია..." - რას გვირჩევს ონკო-ჰემატოლოგი

ნინო შარაშენიძე

ონკო-ჰემატოლოგი, თსსუ პროფესორი ნინო შარაშენიძე გადაცემაში "პირადი ექიმი" საუბრობს, რამდენად არის კავშირში ლიმფური კვანძის გადიდება სისხლის კიბოსთან:

- ლეიკემიების შემთხვევაშიც, არსებობს ისეთი ფორმები, რომლის დროსაც სისხლის საერთო ანალიზში გამოხატული ცვლილებები საერთოდ არ არის. კლინიკური ჩივილები, რაც ადამიანს ლეიკემიის დროს უჩნდება, სისხლში არსებული ცვლილებებს სრულად გამოხატავს. თუ გვაქვს ანემია, შესაბამისად, კლინიკური ჩივილიც გვაქვს: ადინამია, სიფერმკრთალე, სისუსტე. არის ლეიკოციტების რაოდენობრივი შემცირება. პაციენტი ინფექციური დაავადებებისაკენაა მიდრეკილი, ადვილად ცივდება, ამბობს, რომ მთელი სეზონები ისე გაიარა, არც ერთი ინფექცია არ გამოუტოვებია, უხანგრძლივდება პროცესი. ლეიკემიის შემთხვევაში, ის ვადა, როდესაც კლინიკური ჩივილები ჩნდება, ან ცვლილებები იწყება ექიმთან მისვლამდე, არც თუ ისე დიდია. ეს იმდენად რთული დაავადებაა და დროის მცირე მონაკვეთში ისე სწრაფად პროგრესირებს, რომ კლინიკური ჩივილები თვალშისაცემი ხდება და მრავალ თვესა და კვირას არ ითვლის. ვინაიდან, ეს ძვლისტვინოვანი სიმსივნეა, შემთხვევათა გარკვეულ პროცენტში, პაციენტებს ძვლების ტკივილის პრობლემა აქვთ. შესაბამისად, ჩივილებით ტრავმატოლოგებს, ნევროლოგებს, რევმატოლოგებს მიმართავენ. ამ ექიმების დახმარებით, ძალიან ხშირად ხვდებიან ჩვენთან, რომლებიც სწორად ამოიცნობენ ხოლმე, რომ კლინიკური ჩივილი სისხლის სისტემური დაავადების გამოვლინებაა. საყურადღებო ნიშანია უმიზეზო სისხლჩაქცევები. როდესაც ოდნავ რაღაცას შევეხეთ და სილურჯე გვიჩნდება, ან არ გვახსენდება, რამეს დავეჯახეთ, თუ არა, მაგრამ მაინც გვაქვს სილურჯე.