ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავები ვერ ჯდება
1754373564
ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა რეცენზირებულ გამოცემაში Journal of Agriculture and Food Chemistry კვლევა გამოაქვეყნეს, რომელშიც ადამიანის ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო სუპერ საკვებს განიხილავენ.
ამ კატეგორიაში შემავალი პროდუქტები ხშირ შემთხვევაში ხმელთაშუა ზღვის დიეტის ნაწილია. ისინი ბუნებრივ მცენარეულ ნაერთებს შეიცავს, რომლებიც ჯანმრთელობას მრავალმხრივ აუმჯობესებს. მეცნიერი ჯონ პეცუტო, რომელიც რესვერატროლისა და სიმსივნის კვლევის ექსპერტია, ნაშრომში განიხილავს, რა შეიძლება ამგვარ საკვებად მიიჩნეოდეს. ის ყურადღებას ყურძენზე ამახვილებს, რომელიც უფრო ცნობილი პროდუქტების ფონზე ჩრდილში რჩება ხოლმე.
ყურძენი 1600-ზე მეტ ნაერთს შეიცავს — მათ შორის, ანტიოქსიდანტებსადა პოლიფენოლებს (ფლავონოიდები, ანტოციანიდინები, კატექინები, ფენოლის მჟავები, რესვერატროლი). სწორედ მათი დამსახურებითაა ეს ხილი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო. ბიოლოგიურ ეფექტს კი მასში შემავალი განსაკუთრებული ნაერთების კომბინაცია იწვევს და არა ცალკეული კომპონენტები.
სამეცნიერო ლიტერატურაში ყურძნისა და ჯანმრთელობის შესახებ 60-ზე მეტი რეცენზირებული კვლევაა გამოქვეყნებული. ისინი ცხადყოფს, რომ ეს ხილი გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობაზე დადებითად ზემოქმედებს. ის ორგანიზმში ქოლესტერინის დონესაც არეგულირებს.
კლინიკური კვლევების მიხედვით დადასტურდა, რომ ყურძენი ტვინის ჯანსაღ მეტაბოლიზმს უწყობს ხელს და კოგნიტიურ უნარებზეც დადებითი გავლენა აქვს. ის ულტრაიისფერი გამოსხივებისადმი ამტანობას ზრდის, მიკრობიომს არეგულირებს და მას ამრავალფეროვნებს. გარდა ამისა, ყურძენი თვალის ბადურას ფუნქციასაც აუმჯობესებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ის გულის, ტვინის, კანის, ნაწლავებისა და თვალის ჯანმრთელობაზე კარგად მოქმედებს.
ისიც დადგინდა, რომ ყურძნის მოხმარება სხეულის სხვადასხვა სისტემაში გენების მუშაობას (ექსპრესიას) დადებითად ცვლის. პეცუტოს აზრით, ჩვენს ჯანმრთელობაზე ყურძნის სასარგებლო ეფექტები, პირველ რიგში, სწორედ გენეტიკურ დონეზე მიმდინარე ცვლილებებით მიიღწევა.
"დოქტორი პეცუტო აჩვენებს, რომ ყურძენი ნამდვილად სუპერ საკვებია", — განაცხადა კალიფორნიის სუფრის ყურძნის კომისიის პრეზიდენტმა, იან ლემეიმ — "იმედი გვაქვს, რომ მასთან მიმართებით ამ ტერმინის გამოყენება გავრცელებულ პრაქტიკად იქცევა. ყოველ შემთხვევაში, ყურძნის ჭამა ჯანმრთელობისთვის ან უბრალოდ სიამოვნებისთვის ადამიანებს სარგებლის გარეშე მაინც არ დატოვებს".