ორი დაღუპული და ერთი დაშავებული - უმძიმესი ავარია თბილისი-კახეთის ავტობანზე
1769708612
მშრალი „მყეფავი“ ან კიდევ ღრმა და „სველი“ ხველა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ბევრი ადამიანის პრობლემაა.ეს სიმპტომი ხშირად ახლავს გაციებას და ვირუსულ ინფექციებს.
ცხადია, თერაპევტისა თუ პულმონოლოგის მეთვალყურეობით მკურნალობა აუცილებელია, თუმცა ექიმები აღნიშნავენ, რომ არატრადიციული მედიცინის რჩევების გათვალისწინებასა და შესაბამისად, ხალხური საშუალებების გამოყენებას ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ხველისგან თავდასაღწევად.
მშრალი ხველა, ჩვეულებრივ, გრიპისა და ზედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციების საწყის სტადიებზე ვითარდება. ხველის რეფლექსი ასეთ დროს სწრაფადვე „ირთვება“, თუმცა სასუნთქი გზები ჯერ კიდევ არ გამოყოფს სეკრეტს (ნახველს), ამიტომაც მათ დახმარება სჭირდება. ამისათვის ხალხური მედიცინა რამდენიმე საშუალებას ფლობს:
მარილიანი წყალი სოდით - ერთ ჭიქა თბილ წყალში გახსენით მწიკვი მარილი და ნახევარი ჩაის კოვზი სოდა. დალიეთ ნახევარი ჭიქა უზმოზე (საუზმის წინ), მეორე ნახევარი კი სადილის წინ 20 წუთით ადრე.
ძახველის ნახარში - აიღეთ ერთი სადილის კოვზი ამ მცენარის გამომშრალი ნედლეული, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა წყალი და რამდენიმე წუთი ადუღეთ. ნახარში გააცივეთ და დალიეთ ოთხჯერ დღეში ნახევარი ჭიქის მოცულობით. ამავე მეთოდით შეგიძლიათ მოამზადოთ ძახველის ნაყოფის ნახარში, დაატკბოთ თაფლით და ისე მიირთვათ.
ლეღვი რძით – ერთ ჩაის ჭიქა რძეში 20 წუთის განმავლობაში მოხარშეთ ერთი საშუალო ზომის ლეღვი. ნახარში თბილი სახით დალიეთ ძილის წინ.
კომბოსტოს წვენი - კომბოსტოს ახალგაწურულ წვენს შეურიეთ თაფლი - 1:3 პროპორციით, მიიღეთ თითო სადილის კოვზი 5-ჯერ დღეში. სასუნთქი გზების დაავადებათა სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ რეკომენდებულია ასევე კომბოსტოს ფურცლების ნახარში თაფლით.
ნიგვზისა და დიდგულას ნაყენი - აიღეთ 4 მსხვილი კაკალი, კარგად გარეცხეთ და დაამტვრიეთ, ნაჭუჭიანად მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაამატეთ ერთი სადილის კოვზი დიდგულას ყვავილი, დაასხით 400 მლ მდუღარე წყალი. ჭურჭელს დაახურეთ თავსახური და შეფუთეთ. გაციებისთანავე გადაწურეთ, დაამატეთ თაფლი გემოვნებით. დალიეთ დღეში ოთხჯერ 100 მლ-ის მოცულობით. სახალხო მკურნალები გვარწმუნებენ, რომ ამ ნაყენის სამი ულუფა უმალ ათავისუფლებს ადამიანს მშრალი ხველისაგან.
სტაფილოს სიროფი - სტაფილოს ახალგაწურული წვენი შეურიეთ ტკბილ წყალს 1:1 პროპორციით (ერთ ჩაის ჭიქა წყალზე 3-4 ჩაის კოვზი შაქარი). ეს ნარევი ყლუპ-ყლუპად უნდა დალიოთ დღეში 6-ჯერ.
მშრალი ხველის სამკურნალო ნაკრები - თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ჟოლოს ნაყოფი, ვირისტერფას ფოთლები და თავშავას ბალახი. აიღეთ მიღებული ნარევის ერთი სადილის კოვზი, დაასხით 200 მლ წყალი და წამოადუღეთ, შემდეგ გააჩერეთ 15 წუთი, დაამატეთ თაფლი გემოვნებით და დალიეთ ცხელი.
ხახვი თაფლით - აიღეთ საშუალო ზომის ხახვი, გაყავით ოთხ ნაწილად, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა რძე და წამოადუღეთ. ნახარში რამდენიმე საათი თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ. მიიღეთ ერთი სადილის კოვზი ყოველ 4 საათში ერთხელ.
კოთხუჯის ფესვების ნაყენი - აიღეთ ერთი სადილის კოვზი დასახელებული ნედლეული, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათი. გადაწურეთ და მიირთვით ნახევარი ჭიქა დღეში რამდენჯერმე, უმჯობესია ჭამის წინ. დღეში სასურველია ნახევარი ლიტრი ნაყენის დალევა. ის ეფექტურად ხსნის ხველის შეტევებს.
ხველების სამკურნალო ნაკრები - შეურიეთ თანაბარი რაოდენობით ვაშლის გამომშრალი ფოთოლი, ჟოლოს,
კუნელისა და ასკილის ნაყოფი, ჩამიჩი (იგივე ქიშმიში) და წვრილად დაჭრილი ვაშლი. აიღეთ 4 სადილის კოვზი ნარევი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და შემოდგით ორთქლის აბაზანაზე 20 წუთით. ამის შემდეგ გადმოდგით და გააჩერეთ კიდევ 30 წუთი. გადაწურეთ, მიირთვით დღეში 4-ჯერ. მიღების წინ შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი გემოვნებით.