„წელის მწვავე ტკივილის დროს, „ტურნიკზე“ ჩამოკიდება კატეგორიულად დაუშვებელია" - ექიმი, ზურაბ მიქელაძე საზოგადოებას მიმართავს

 ზურაბ მიქელაძე

კლინიკა „ენმედიცის“ რეაბილიტაციის ცენტრი თერაპევტის,  ზურაბ მიქელაძის ვიდეოს ავრცელებს, სადაც ექიმი ამბობს, რომ წელის მწვავე ტკივილის დროს, როდესაც ტკივილი გადაეცემა ფეხში,  „ტურნიკზე“ ჩამოკიდება კატეგორიულად დაუშვებელია.

„წელის მწვავე ტკივილის დროს, როდესაც ტკივილი გადაეცემა ფეხში, კატეგორიულად დაუშვებელია „ტურნიკზე“ ჩამოკიდება. ჩემს პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც პაციენტს ურჩევენ ჩამოეკიდონ „ტურნიკზე“ იმ მიზეზით,
თითქოს მოხდება მოჭყლეტილი ნერვის დეკომპრესია. ეს ძალიან დიდი შეცდომაა, რადგან მალთაშორისი დისკის თიაქრის დროს ისედაც დაზიანებულია მალთაშორისი დისკის რკალი, ხოლო ჩვენ რომ ჩამოვეკიდებით, ჩვენი სხეულის მთელი ძალით, ისედაც დაზიანებული მალთაშორისი დისკის რკალი უფრო ზიანდება. ვითარდება დამატებითი მიკროტრავმები და სავსებით შესაძლებელია, რომ მოხდეს მდგომარეობის გაუარესება. ამიტომ გთხოვთ, ხერხემლის ტკივილისას ნუ ჩამოეკიდებით „ტურნიკზე“ და არც არავის ურჩიოთ, რომ ჩამოეკიდოს.
უპირველესად უნდა დავადგინოთ მიზეზი, უნდა მიმართოთ ექიმს, უნდა გადავიღოთ MRI და უნდა ვუმკურნალოთ პრობლემას“, – ამბობს ექიმი.