შეცდომები, რომლებიც შხამის მოქმედებას აჩქარებს - ჰერპეტოლოგის გაფრთხილება

გველები

ჰერპეტოლოგი, შოთა ზანდუკელი პოდკასტში "ოთარი ექიმო" საუბრობს, როგორ ვიქცევით გიურზისგან დაკბენის შემთხვევაში:

- გიურზამ თუ დაგვკბინა, აუცილებლად, პირველ რიგში, ბეჭედი უნდა მოვიხსნათ. საათის მოხსნას დიდი არაფერი უნდა და, ბოლო-ბოლო, თუ დაგვაწყდა, მოვიგლეჯთ. რკინის ნივთები, საათი, სამაჯური - ყველაფერი უნდა მოვიხსნათ ხელიდან, თუ ხელზე გვიკბინა.

ასეთ დროს კიდური სივდება და მერე თითი შესაძლოა, სამჯერ გაიზარდოს. წარმოიდგინეთ, ასეთ დროს ეს ბეჭედი რას გვიზამს: შეიძლება თითი განგრენით მოგვიკვდეს. ​ჰოდა, პირველ რიგში, ამ ნივთებს ვიხსნით. სასწრაფოში დარეკვა თავისთავად იგულისხმება, 112-ში პირველ რიგში უნდა დავრეკოთ. ​შემდეგ მშვიდ პოზიციას ვიკავებთ: უნდა ვიჯდეთ ან ვიწვეთ მოკეცილი ფეხებით, როგორც ახლა ვსხედვართ, ან გადავწვეთ. მოკეცილი ფეხებით ყოფნა უმჯობესია. ​აუცილებელია დიდი რაოდენობით წყლის მიღება. 

წყალი ცილების განეიტრალებას უწყობს ხელს, გიურზის შხამი კი წმინდა ცილაა. ​ამავე დროს, წყალი უნდა გამოვყოთ კიდეც, რათა ღვიძლმა და თირკმელებმა კარგად იმუშაონ და შხამის გაფილტვრას ხელი შეუწყონ. ​ამასობაში, ძალიან კარგია დექსამეტაზონი. ეს მარტო ჩემი და ჰერპეტოლოგების აზრი არ არის: კომპეტენტური ტოქსიკოლოგებიც ამბობენ და, საერთოდ, სასწრაფოს როცა მივყავართ, დექსამეტაზონს აუცილებლად გვიკეთებენ. ჩვენ ამას ვიძახდით და ზოგი გვეწინააღმდეგებოდა, თუმცა დექსამეტაზონი ამ დროს ძალიან კარგი დამხმარე საშუალებაა. ​ძალიან კარგია ანტიჰისტამინიც, ანუ დექსამეტაზონი და ანტიჰისტამინი ერთად უნდა მივიღოთ. ​შარდმდენიც კარგია, მაგრამ ამასობაში სასწრაფოც მოვა და არა უშავს. ​