საიდან მოდის პანაშვიდებზე სარკის დაფარვის წესი

სარკე

სიკვდილთან დაკავშირებით ხალხურ რწმენასა და უძველეს ტრადიციებში მყარადაა ფეხმოკიდებული ისეთი ჩვეულებები, რომლებსაც დღესაც ზედმიწევნით იცავენ ჭირისუფლები.

მათ შორისაა სარკეების ან ამრეკლი ზედაპირის მქონე საგნების დაფარვის წესი.

ამ ჩვევასთან დაკავშირებით, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა, რამდენიმე მითი არსებობს:

მითი პირველი: სიკვდილის შემდეგ ადამიანის სული გარკვეული დროით შინ რჩება. და თუ მან სარკეში შეაღწია, სამუდამოდ იქ დარჩება და ვერ ამაღლდება ზეციურ სამყაროში;

მითი მეორე: სარკე სამყაროს შორის პორტალია, რომელსაც სულიერი ენერგიის ზონა გააჩნია. და თუ მას არ შევფუთავთ, გარდაცვლილის სული ამ ზონაში გადაინაცვლებს და ცხედრის დაკრძალვის შემდეგ, სული პერიოდულად გამოჩნდება ხოლმე სარკეში;

მითი მესამე: თუ ადამიანი სარკეში მაშინ ჩაიხედავს, როცა სახლში მიცვალებული ასვენია, გარდაცვლილის სული მალე მიაკითხავს მას იმიერ სამყაროში წასაყვანად…

საიდან გაჩნდა სარკის დაფარვის წესი?

ერთი ვერსიით, სარკეების დაფარვის წესს იუდაიზმში ჩაეყარა საფუძველი და მას განსაკუთრებით იცავდნენ რაბინები.

საქმე ისაა, რომ იუდეველი ღვთისმსახურების მოსაზრებით, როცა შინ გარდაცვლილი ესვენა, ჭირისუფალი მხოლოდ თავის შინაგან განცდებზე უნდა ყოფილიყო კონცენტრირებული და ყურადღება წვრილმანებზე არ უნდა გადაეტანა – მაგალითად იმაზე, თუ როგორ გამოიყურებოდა. ხოლო დაუფარავი სარკე მხოლოდ ხელს უწყობდა ადამიანის ცდუნებას და მწუხარების დროს ადამიანური სისუსტის გამოჩენას.