1773038872
როგორ ამოიცნოს მშობელმა, მისი შვილი მოძალადეა თუ - ძალადობის მსხვერპლი - სპეციალისტის რჩევა
ბოლო პერიოდში თბილისში სამართალდამცველებმა მოძალადე მოზარდების ჯგუფი გამოავლინეს, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯგუფის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ერთ-ერთმა დაზარალებულმა პოლიციას მიმართა. საბოლოოდ გამოიკვეთა, რომ ჯგუფის წევრების მიერ ათეულობით ადამიანზე მოხდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ანგარიშსწორება. როგორ ამოიცნოს მშობელმა, მისი შვილი მოძალადეა თუ - ძალადობის მსხვერპლი? - ამ კითხვას პოდკასტში „მამების დრო“ ფსიქიატრი დავით ზურაბაშვილი პასუხობს.
„მსხვერპლის გაგება და დანახვა ალბათ უფრო ადვილია, ვიდრე მოძალადის. ბულინგის მსხვერპლი ბავშვი როცა სახლში ბრუნდება, ის ან მოწყენილი უნდა იყოს ან ნამტირალევი. ამასთან, ამ დროს ბავშვები უარს ამბობენ ყველა იმ კომუნიკაციაზე, რომელსაც მანამდე ასრულებდნენ. იქნება ეს სკოლაში წასვლა, მეგობართან, სპორტდარბაზში თუ ასე შემდეგ. ვინც მოძალადეა, ამ შემთხვევაში ის ცდილობს გააფართოოს თავისი ზემოქმედების არეალი, სკოლა იქნება, ეზო იქნება თუ სხვა არეალი. ძალადობის გამოვლენა არის ენერგიის ხარჯვა, ჩვენ უნდა ვასწავლოთ შვილებს, რომ როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების პატივისცემა. ჩვენ არ ვასწავლეთ არც საკუთარ თავთან კომუნიკაცია არც სხვასთან კომუნიკაცია. ეს არის განათლების ბრალი, მშობელსა და შვილს შორის კომუნიკაციის ნაკლებობის გამო.“ - ამბობს ფსიქიატრი.










