„იქვე ვუთხარი, ხუმრობის დრო არ იყო...“– რას ამბობს გია ჯაჯანიძე ნანიკო ხაზარაძის „იმედიდან“ წასვლაზე
1779731826
მარწყვის სწორად გარეცხვა ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს პროდუქტი მიწასთან უშუალო შეხებაშია და შესაძლოა სხვადასხვა პათოგენით იყოს დაბინძურებული. ამის შესახებ სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული საუბრობს.
მისი თქმით, მარწყვი საკმაოდ ფაქიზი სტრუქტურის პროდუქტია, ამიტომ მისი გარეცხვისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.
„მარწყვი, ზოგადად, ცოტა სათუთი პროდუქტია, რადგან ფაქიზი სტრუქტურა გააჩნია, ამიტომ სოდით მისი გარეცხვა არ შეიძლება. სოდა ტუტე ხსნარია და მარწყვის სტრუქტურას აზიანებს,“ — განმარტავს სპეციალისტი.
ირაკლი არაბულის რეკომენდაციით, მარწყვი სახლში მიტანის შემდეგ რამდენიმე წუთის განმავლობაში გამდინარე ცივ წყალში უნდა გაირეცხოს. დამატებით, შესაძლებელია ლიმონმჟავას, ძმარმჟავას ან მარილიანი წყლის ხსნარის გამოყენებაც.
სპეციალისტის თქმით, ეფექტური მეთოდია ერთ ლიტრ წყალში ერთი კოვზი ძმრის განზავება და მარწყვის ამ ხსნარში რამდენიმე წუთით მოთავსება ან გადავლება. ასევე, შესაძლებელია სპეციალური სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებაც.
„მარწყვს მიწასთან აქვს შეხება, ხშირ შემთხვევაში შეიძლება სხვადასხვა პათოგენით იყოს დაბინძურებული და ამიტომ მისი სრულყოფილი გარეცხვა ძალიან მნიშვნელოვანია,“,- ამბობს არაბული.