რა სიღრმის აუზია დაშვებული სხვადასხვა ასაკში და როგორი საცურაო კოსტიუმი უნდა შევურჩიოთ პატარას

ბავშვი

ზაფხულის სეზონზე, მაშინ, როცა ძალიან ცხელა, ბევრი მშობელი ცდილობს, შვილებს გაგრილების საშუალება მისცეს. ამ მიზნით, ბავშვები ზღვაზე, მდინარეზე, აუზზე მიჰყავთ. თუმცა, არსებული რისკები და საფრთხეებიც გასათვალისწინებელია. წელს არაერთი შემთხვევა გახმაურდა, როცა ბავშვი აუზში, ან მდინარეში ჩავარდა და გადარჩენა დასჭირდა.

როგორც სპეციალისტები ამბობენ,  ბავშვის ცურვაზე შეყვანა ადრეული ასაკიდან, 4-5 წლიდანაა რეკომენდებული. ცურვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხეულის ჩამოყალიბებისა და ბავშვის გაკაჟებისთვის. ასევე, ბავშვებს მოძრაობის კოორდინაციაში ეხმარება. რაც შეეხება რისკებს, თუ ბავშვი ქლორის მიმართ ალერგიულია, მაშინ უმჯობესია, ისეთ აუზზე ატაროთ, სადაც ქლორი არ არის, ან ნაკლები რაოდენობითაა.

ასევე, სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ ბავშვი მარტო არ უნდა შევუშვათ ისეთ წყალში, სადაც ფეხს ვერ დგამს. ასევე, აუცილებელია ბავშვს წყლის სიახლოვეს ყოფნის დროს მუდმივად ხელზე ეკეთოს სამაშველო სამკლავურები.

ბავშვი უნდა მოვარიდოთ ისეთ ადგილებს, სადაც წყლის დინება ჩქარია.
სამაშველო ჟილეტები, რა თქმა უნდა, პატარას იცავს, მაგრამ, ასევე, არც ერთი წუთი არ შეიძლება ბავშვი აუზში, ზღვაზე მეთვალყურეობის გარეშე დავტოვოთ, განსაკუთრებით იქ, სადაც წყალი მისთვის ღრმაა და ფსკერზე ფეხს ვერ ადგამს.
მნიშვნელოვანია, შევარჩიოთ მსუბუქი საცურაო კოსტიუმი,რომელსაც წყალი ნაკლებად დაამძიმებს.

აუზის სიღრმის რეკომენდებული პარამეტრები ასაკის მიხედვით:

1,5 წლამდე ბავშვისთვის - 17 სმ-მდე (მინი-აუზი),

წლინახევრიდან- სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის - არაუმეტეს 0,5 მ

სკოლამდელი ასაკის, 3-7 წლამდე ბავშვებისთვის - 0,7 მ-მდე, არავითარ შემთხვევაში, სიღრმე არ უნდა აღემატებოდეს ბავშვის სიმაღლეს.


აუზში ბავშვების ბანაობა მხოლოდ უფროსის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს.

იმისათვის, რომ ბავშვი ყურის ტკივილისაგან დაიცვათ, მნიშვნელოვანია, სპეციალური საცურაო ქუდი დაახუროთ.
თუ ბავშვისთვის საცურაო აუზის შეძენას აპირებთ, მნიშვნელოვანია, ისეთი ვარიანტი აირჩიოთ, რომელსაც დამცავი ზედაპირი ექნება.


თუკი ღია აუზზე, ზღვაზე, ან მდინარეზე მიგყავთ ბავშვები, აუცილებელია, 12 საათიდან 16 საათამდე მონაკვეთში გასვლისგან თავი შეიკავოთ, რომ ულტრაიისფერი სხივებისაგან დაიცვათ.


აუცილებელია, რომ წყლის წნევა და დინება გაითვალისწინოთ და ბავშვი არ შეუშვათ ისეთ დინებაში, რომელმაც შესაძლოა, წააქციოს და გაიტაცოს. შედეგად კი დახრჩობა გამოიწვიოს.


უფროსებმა ბანაობის დროს მუდმივად უნდა აკონტროლონ ბავშვის ემოციები და უსაფრთხოების წესები შეახსენონ.
კარგი იქნება, თუ ყველა ზრდასრულ ადამიანს პირველადი დახმარების წესები ეცოდინება.


10 წლამდე ასაკის ბავშვები ხშირად წყალში, ერთი შეხედვით, უწყინრად თამაშობენ, უყვართ ხელის კვრა, ჩახუტება - ამიტომაც, აუცილებელია, აუხსნათ, რომ მსგავსმა თამაშმა შეიძლება რომელიმე ბავშვის წყალში ჩაძირვა და ცუდი შედეგები გამოიწვიოს.


ასწავლეთ დამხმარე აქსესუარების, გასაბერი სამკლაურების, ლეიბების, ჟილეტების გამოყენება.

აუზში წყლის ოპტიმალური ტემპერატურაა +24-დან +26 გრადუსამდეა, ჩვილებისთვის კი - +28 C °-მდე. მინიმალური დასაშვები მაჩვენებელია +22 გრადუსია.

ამასთან, მნიშვნელოვანია, შევარჩიოთ მსუბუქი საცურაო კოსტიუმი,რომელსაც წყალი ნაკლებად დაამძიმებს.

მასალა მომზადებულია "მშობლები"