რა როლს ასრულებს გლანდები ბავშვის ჯანმრთელობისთვის და როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ მისი ამოჭრა აუცილებელია - პედიატრის რჩევა

ბავშვი

​რა სიმპტომებით ვხვდებით, რომ ბავშვს ნუშურები, ე.წ. გლანდები აქვს ამოსაჭრელი - ამ თემებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა პედიატრი ნანა საპანაძე.


„თავდაპირველად განვიხილოთ რა არის გლანდები. სამედიცინო ტერმინოლოგიით ეს ნუშურებია. ნუშურები, იგივე ტონზილები, ხახის ცხვირის ნაწილის ლორწოვანის სისქეში, მის უკანა კედელზე და ლულის ხვრელის ირგვლივ არსებული კარგად განვითარებული ლიმფოიდური ქსოვილია. რაც შეეხება მოსახლეობაში ფართოდ გავრცელებული ტერმინს - „გლანდები“, იგი ნუშურების ლათინური სახელწოდებიდან - „გლანდულადან“ მომდინარეობს. „გლანდულა“ ჯირკვალს ნიშნავს, თუმცა ნუშურების მიმართ ეს სახელწოდება რამდენადმე არასწორია, რადგანაც ტონზილები არც სტრუქტურულად და არც ფუნქციურად ჯირკვლები არ არის (ისინი არც ენდოკრინული, ანუ შინაგანი სეკრეციის და არც ეგზოკრინული - სპეციალური მილის - სადინარის დახმარებით გარეთ გამომყოფი ჯირკვლები არაა)“ - ნანა საპანაძე.

- ზოგადად რომ ვისაუბროთ, რამდენად მნიშვნელოვანია ნუშურების, ე.წ. გლანდებისა და ადენოიდების არსებობა ადამიანისთვის?

- ნუშურები იმუნური სისტემის შემადგენელი უმნიშვნელოვანესი ნაწილი - ლიმფოიდური ქსოვილია. მათ დამცველობითი და გარკვეულწილად სისხლმბადი ფუნქციაც აქვთ (მათში ლიმფოციტები წარმოიქმნება).

ტონზილების იმუნოლოგიური როლი სრულად ჯერ კიდევ არ არის გაშიფრული, თუმცა დადგენილია, რომ ისინი ინფექციის გზაზე პირველი დამცავი რგოლი და მთავარი დარაჯია.

რაც შეეხება ადენოიდებს, ადენოიდები ცხვირის ძგიდესა და ხახის კედელს შორის არსებული ლიმფური ქსოვილია. სტრუქტურით ნუშურა ჯირკვლებს ჰგავს, თუმცა მათი დაავადებები განსხვავებულ პრობლემებს იწვევს. ადენოიდების ძირითადი დანიშნულება, ისევე როგორც ნუშურა ჯირკვლებისა, იმუნოგლობულინების წარმოქმნა და ადგილობრივი იმუნიტეტის ფორმირებაა. ისინი უცხო ანტიგენებისგან ორგანიზმის დაცვის პირველად რგოლს წარმოადგენენ, მარტივად რომ ვთქვათ, ინფექციას ზედა სასუნთქ გზებში აკავებენ და ქვედაში გადასვლის საშუალებას არ აძლევენ.

ერთობლიობაში რომ განვიხილოთ, ნუშურები და ადენოიდები წარმოადგენს ადამიანის იმუნურ დაცვაში მონაწილე და ინფექციისაგან დამცავ ერთიან რგოლს, თუმცა, ზოგჯერ, ტონზილებიც და ადენოიდებიც, თავად ხდებიან ინფექციის წყარო და იმდენად იმატებენ ზომაში, რომ აფერხებენ სუნთქვის პროცესსაც.

- რა ჩივილები ახლავს თან და რატომ შეიძლება გახდეს საჭირო მისი ამოჭრა?

- გადიდებული ადენოიდები უმეტესად ახშობს ჰაერგამტარ გზებს, რასაც მივყავართ სუნთქვის ძილისმიერ დარღვევამდე: ძილის ობსტრუქციულ აპნოემდე, ძილის ობსტრუქციულ ჰიპოპნოემდე და ზედა სასუნთქი გზების რეზისტენტობის სინდრომამდე. ამ მდგომარეობებს ძილის დროს სუნთქვის გაძნელება და/ან რამდენიმე წამით სუნთქვის შეწყვეტა ახასიათებს. აგრეთვე იწვევს შუა ყურის მორეციდივე ინფექციას, დამსკდარი ტუჩებისა და მშრალი პირის სინდრომს. შუა ყურის მორეციდივე ინფექცია, თავის მხრივ, სმენის დაქვეითებისა და დაკარგვის წინაპირობაა. მუდმივად პირით სუნთქვის გამო ფორმას იცვლის პირის ღრუ და სასა, წინ წამოიწევს და მიმართულებას იცვლის ზედა წინა კბილები. მედიცინაში ეს ადენოიდური სახის სახელით არის ცნობილი.

- რა სიმპტომებით ვხვდებით, რომ ბავშვს გლანდები აქვს ამოსაჭრელი?

- მწვავე ტონზილიტს ხალხში უფრო ანგინად იცნობენ. მწვავე ტონზილიტს უმეტესად ვირუსები იწვევს (დაახლოებით 80%), შედარებით იშვიათად - ბაქტერია, A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი და სხვა სტრეპტოკოკები, ძალზე იშვიათად - მიკოპლაზმა და ქლამიდია. მწვავე ტონზილიტის საინკუბაციო პერიოდი რამდენიმე საათიდან 2-4 დღემდე გრძელდება. იწყება მწვავედ, ტემპერატურის 37,5-39 °C-მდე მომატებით, შემცივნებით, ზოგადი სისუსტით, თავის ტკივილით, ყელის და კუნთების ტკივილიც ერთვის. ბავშვი შესაძლოა, შეაწუხოს გულისრევამ, მუცლის ტკივილმა, ღებინებამ. გაურთულებელი მიმდინარეობისას დაავადების ძირითადი კლინიკური ნიშნები, როგორებიცაა: ცხელება, ინტოქსიკაცია, ანთებითი ცვლილებები ტონზილებში სწრაფად ქრება, ნორმალიზდება სისხლის სურათიც. ლიმფური კვანძების გადიდება შეიძლება 10-12 დღე გაგრძელდეს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ საშიშია არა თავად ანგინა, არამედ მისი შესაძლო გართულებები: გულის მუშაობის დარღვევა, ტკივილი გულის არეში და გულის რიტმთან დაკავშირებული პრობლემები, თირკმელების, ღვიძლის, სისხლძარღვთა სისტემის, კანის, ფარისებრი ჯირკვლის, სახსრების ფუნქციის მოშლა. ამ გართულებების თავიდან არიდება რომ მოხდეს, საჭიროა, დროულად მივმართოთ ექიმს და დავიწყოთ მკურნალობა, სანამ ანგინა საშიშ გართულებაში გადაიზრდება. რიგი ფაქტორების გამო, როგორებიცაა: ორგანიზმის სისუსტე, ძლიერი გამომწვევი, არასწორი მკურნალობა, დაავადების ნებაზე მიშვება, თანმხლები ქრონიკული დაავადებები მწვავე ტონზილიტი შესაძლოა ქრონიკულში გადაიზარდოს.
გააგრძელეთ კითხვა

წყარო:​