სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
პროტეინის, იგივე ცილის, სარგებლიანობისა და საჭიროების შესახებ ისევ ბევრი ადამიანი საუბრობს. ამის გამო მისი დანამატების პოპულარიზაციაც გრძელდება, რასაც კომპანიებიც იყენებენ და თავიანთი პროდუქტების შეფუთვაზე ამ კომპონენტის შემცველობას აღნიშნავენ. საინტერესოა, აქვს თუ არა მას მართლაც ასეთი სარგებელი ან რა მოხდება, თუ ზედმეტ დოზას მივიღებთ?
პირველ რიგში, საკმარისი რაოდენობის ცილის მიღება ნამდვილად აუცილებელია. ის კუნთებს აღდგენაში ეხმარება, ფერმენტებისა თუ ჰორმონების გამომუშავებას უწყობს ხელს და იმუნური სისტემის ფუნქციონირებაშიც მონაწილეობს. რეკომენდებული დოზები ყველა ქვეყანაში თითქმის ერთნაირია, მაგალითად: ავსტრალიაში კაცისთვის სხეულის ყოველ კილოგრამზე 0.84 გრამი, ქალისთვის კი — 0.75 გრამი. პირველ შემთხვევაში ეს 90 კილოგრამზე დაახლოებით 76 გრამია, ხოლო მეორე შემთხვევაში — 70 კილოგრამზე 53 გრამი.
თუკი ადამიანი კუნთების გასაზრდელად ინტენსიურად ვარჯიშობს (ძალისმიერი ან წონით ვარჯიშები), მისთვის თითო კილოგრამზე დღეში 1.6 გრამამდე ცილის მიღებას კუნთისთვის ზომისა და სიძლიერის მომატება შეუძლია. ამის მიუხედავად, კვლევებით არ დასტურდება, რომ უფრო მეტი პროტეინი უკეთეს შედეგს იძლევა.
ჭარბმა რაოდენობამ პრობლემებიც შეიძლება გამოიწვიოს. ზედმეტი ცილა ორგანიზმიდან შარდთან ან ფეკალიებთან ერთად არ გამოიყოფა, არამედ იქ რჩება და ცხიმოვან ქსოვილად გარდაიქმნება. შესაბამისად, არის ჯანმრთელობის მდგომარეობები, რომელთა დროსაც ამისგან თავშეკავება გვმართებს. ასეთია თირკმლის ქრონიკული დაავადება, რომელსაც ზედმეტი პროტეინი პოტენციურ საფრთხეს უქმნის.
ასევე, არსებობს პროტეინით მოწამვლაც, რასაც მისი ჭარბი დოზა და ცხიმების, ნახშირწყლებისა თუ სხვა ნუტრიენტების ნაკლებობა განაპირობებს. მას "კურდღლის შიმშილობასაც" უწოდებენ, ტერმინის შემოღება მეოცე საუკუნის მკვლევარ ვიალმურ სტეფანსონს უკავშირდება. ის ასე ძირითადად კურდღლის ხორცით შემდგარი დიეტის გამო ავადობას მოიხსენიებდა.
ცილებს არამხოლოდ ხორციდან, არამედ მცენარეებიდანაც ვიღებთ. პირველის ჭარბი რაოდენობა მეორე ტიპის დიაბეტის რისკთან ასოცირდება, უკანასკნელი კი სარგებლით გამოირჩევა. ასეთია: სიმსივნით სიკვდილისა და მეორე ტიპის დიაბეტის შემცირებული რისკი, ასევე სისხლში ქოლესტერინის ჯანსაღი ნორმა.
ამასთან, ცხოველური ცილების ბევრი წყარო ცხიმებითაც მდიდარია, განსაკუთრებით კი ნაჯერით. ასეთი ცხიმების მიღება სხვადასხვა ქრონიკული დაავადების ჩამოყალიბების შანსს ზრდის. რაც შეეხება მცენარეულ წყაროებს, მათში ბოჭკოები გვხვდება, რომლებიც სასარგებლოა, მაგრამ ადამიანთა დიდი ნაწილი საკმარისი ოდენობით არ იღებს. ეს უჯრედისი ქრონიკული პრობლემების რისკს ამცირებს და კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობას უწყობს ხელს.
მაშასადამე, ცილის წყაროების ბალანსი უფრო საჭიროა, ვიდრე მისი დოზის გაზრდა. ის, ნახშირწყლები, ცხიმები, ვიტამინები და მინერალები ჩვენს ჯანმრთელობას ერთობლივად განსაზღვრავს.