„ნუ შეიძენთ პრიალა კვერცხს...“ - რჩევები კვერცხის შეღებვამდე

კვერცხის შეღებვა

სააღდგომოდ ყველა ოჯახში იღებება კვერცხი და შესაბამისად, კვერცხზე მოთხოვნაც ძალიან იზრდება. ამ დროს უფრო დიდია რისკი, რომ ვინმემ სიტუაციით ისარგებლოს და უხარისხო, არასათანადო პირობებში შენახული პროდუქცია გაყიდოს.

როგორ უნდა აარჩიოთ კვერცხი, რომ არ მოტყუვდეთ. ამის შესახებ სურსათის უვნებლობის სპეციალისტიმარიამჩაჩუა გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს.

"კვერცხი ფოროვანი პროდუქტია და მასში მიკრობების შეღწევა ძალიან ადვილია. ამიტომ, პირველ რიგში, კვერცხი ჰიგიენურ გარემოში იყიდეთ და აუცილებლად თავდახურულ მდგომარეობაში. 

კვერცხის სიახლეზე მეტყველებს მისი ზედაპირიც, შეხებისას ერთგვაროვანი და ხაოიანი უნდა იყოს და არა პრიალა. ახალი კვერცხი ბევრად უფრო სასარგებლოა. უმჯობესია, რომ 7 დღემდე ვადის კვერცხი შევიძინოთ, 3-4 დღის კვერცხი ყველაზე სასარგებლოა.

საერთოდ, კვერცხის შენახვის ვადა შეიძლება 30 დღემდე იყოს იმის გათვალისწინებით, სიგრილეშია თუ სამაცივრე პირობებში. არ შეიძინოთ კვერცხი, რომელზეც თარიღი მითითებული არ არის." - განაცხადა მარიამ ჩაჩუამ.

შეღებვისთვის უკეთესია, თუ მუქი ფერის კვერცხს გამოვიყენებთ, რადგან უფრო კარგად იღებება. სოფლის კვერცხი სასარგებლო და უფრო მეტად გემრიელიცაა და ეს ფრინველის უფრო მრავალფეროვანი კვებითაა განპირობებული. ვინაიდან დიდი ხნის განმავლობაში ვხარშავთ, ის რისკები, რაც შეიძლება თან ახლდეს სოფლის კვერცხს დაბინძურების თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში დაზღვეულები ვართ.

გარდა ამისა, უმჯობესია, თუ შეღებვის წინ მაცივრიდან გამოვალაგებთ და ნახევარი საათი გავაჩერებთ, რომ არ დაგვისკდეს და ისე შევღებოთ. ჩემი დიდი რჩევა და თხოვნა იქნება, რომ ხელოვნური საღებავები არ გამოვიყენოთ. ენდრო ყველაზე მიღებული ფორმაა, მაგრამ აქაც მინდა ერთი რჩევა მოგცეთ. წინასწარ დაფქულ ენდროს ნუ შევიძენთ იმიტომ, რომ დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც იქ ხელოვნური საღებავებია შერეული. გარდა ამისა, შეღებილ კვერცხებს იმავე კვერცხის ყუთში ნუ ჩავაწყობთ.